კორონავირუსი მსოფლიოში

ნიუ იორკი, რომელიც აშშ-ში ეპიდემიის ეპიცენტრია, ზომებს ამკაცრებს

ნიუ იორკის შტატი, რომელიც აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრია, ზომებს ამკაცრებს. საუბარია ქალაქ ნიუ იორკის ზიგიერთი ქუჩის მანქანებისთვის ჩაკეტვასა და პარკებში სპორტის შეზღუდვაზე. ამ ქუჩების მანქანებისგან გათავისუფლება ფეხით მოსიარულეებს ერთმანეთისგან დისტანციის უკეთ დაცვის საშუალებას მისცემს.

"ჩვენი სიახლოვე მოწყვლადს გვხდის,"- თქვა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კრიზისს მოერევიან და სხვებს მაგალითსაც აჩვენებენ.

შტატში 30 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, აქიდან უშუალოდ ქალაქ ნიუ იორკში - 17 ათასზე მეტი. შტატში 285 ადამიანია გარდაცვლილი. ნიუ იორკზე კორონავირუსის შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის აშშ-ში.

გუბერნატორ კუომოს თქმით, აქამდე მიღებულმა ზომებმა, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, ადამიანების ჰოსპიტალიზაციის ტემპი შეამცირა, რაც "თითქმის დაუჯერებლად კარგია". მისი თქმით, არ იცის, შენარჩუნდება თუ არა ტენდენცია, თუმცა ახლა სვლა სწორი მიმართულებითაა.

კომენტარები