თავდაცვის უწყება: დღეიდან სამხედროების ჯანმრთელობაზე ინფორმაციას მხოლოდ ჩვენ გავავრცელებთ

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დღეიდან, 26 მარტიდან ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას მხოლოდ თავად ან გორის სამხედრო ჰოსპიტალი გაავრცელებს. .

უწყება მიზეზად მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში გადაიყვანეს და რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა.

"ქვეყანაში, პანდემიის პირობებში თავდაცვის ძალები, ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, როგორც ჯარში ასევე ზოგადად საზოგადოებაში. ჯარში, სპეციალური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი.

მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს.

ამბის ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება ხელს უშლის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას და ცალკეული უწყებების ეფექტურ საქმიანობას.

დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა",- აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

თავდაცვის ძალები, შსს-სთან ერთად მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო ზომების აღსრულებას უზრუნველყოფენ, რომელიც მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევისა და მასთან დაკავშირებული 1700 სავარაუდო კონტაქტის დადგენის გამო დაწესდა.

კომენტარები