მელია ზუგდიდზე: ზოგჯერ ხდება, ერთს აკეთებ, მეორე გამოგდის და საქმე საბოდიშოდ გიხდება

რადიო ათინათი

ნიკა მელია ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როდესაც ენმ-ის და სააკაშვილის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო საშუალებები ყველა რეკომენდაციის დარღვევით დაურიგეს.

მელიას თქმით, "ხანდახან ხდება, რომ აკეთებ ერთს, გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე".

"სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში - რიგის, დისტანციის დაცვით.

ზუგდიდში კი იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია დისტანციის რეგულირებაში არ გვეხმარებოდა.

როგორც კი საფრთხე გაანალიზდა, დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.

ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.

ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა", - დაწერა მელიამ ფეისბუქზე.

ნაციონალურმა მოძრაობის და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მოსახლეობას პირდაბეები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები დღეს, 26 მარტს დაურიგეს.

თუმცა, გადამდები ვირუსის თავიდან აცილების მიზნით ჩატანილი საშუალებების მოქალაქეებისთვის გადაცემა ყველა რეკომენდაციის დარღვევით მოხდა. ათობით ადამიანი მჭიდროდ იყო შეკრებილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონებაც გამოცხადდა, ვინაიდან მარნეულში დაინფიცირდა 60 წელს გადაცილებული ქალი, რომლის კონტაქტების ჯაჭვშიც 1700-ზე მეტი ადამიანია.

სულ საქართველოში, 26 მარტის 15:00 საათის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 77 ფაქტია დადასტურებული, მათგან 10 განიკურნა. ერთ-ერთი ინფიცირებული ზუგდიდის სოფელ ზემო ეწერის მკვიდრია.

კომენტარები