კორონავირუსი საქართველოში

ეროვნული, სამაგისტრო და საგრანტო გამოცდების რეგისტრაციის თარიღმა 30 აპრილამდე გადაიწია

naec.ge

ახალი კორონავირუსით გამოწვეული შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო გამოცდების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00-მდე გახანგრძლივდა. 

ცვლილება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს ეხება და არა - გამოცდების ჩატარების პერიოდს. 

ამასთან, განათლების სამინისტროს ცნობით, თუ აპლიკანტს გამოცდის დროს სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროება და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00-მდე უნდა წარადგინოს. 

სამინისტროს განცხადებითვე, ნებისმიერი დამატებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ გამოქვეყნდება უწყებისა და NAEC-ის ოფიციალურ Facebook და ვებგვერდებზე. 

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. 

ასევე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები