კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე ზუგდიდზე: ქულების დაწერისა და პიარის დრო არაა, ყველას უნდა გვეყოს შეგნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, სადაც ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო საშუალებები ყველა რეკომენდაციის დარღვევით დაურიგეს.

პაატა იმნაძის შეფასებით, "პიარისა და ქულების დაწერის დრო" ახლაა არაა და ნაცვლად ხალხის მასის შეკრებისა, ამ პირებს, ერთ ან ორ ადამიანს შეეძლოთ "კარდაკარ ჩამოეარათ" და ასე დაერიგებინათ ნივთები.

"ამდენი შეგნება და ტვინი ხო ყველას უნდა ჰქონდეს", - ამბობს პაატა იმნაძე.

ნაციონალურმა მოძრაობის და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მოსახლეობას პირდაბეები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები დღეს, 26 მარტს დაურიგეს.

ადგილზე ათობით ადამიანი მჭიდროდ იყო შეკრებილი. გადამდები ვირუსის თავიდან აცილების მიზნით ჩატანილი საშუალებების მოქალაქეებისთვის გადაცემა ყველა რეკომენდაციის დარღვევით მოხდა.

მომხდარს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელიაც გამოეხმაურა, მელიას თქმით, "ხანდახან ხდება, რომ აკეთებ ერთს, გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე".

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონებაც გამოცხადდა, რადგან მარნეულში 60 წელს გადაცილებული ქალი დაინფიცირდა, რომლის კონტაქტების ჯაჭვშიც 1700-ზე მეტი ადამიანია.

სულ საქართველოში, 26 მარტის 16:00 საათის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 განიკურნა. ერთერთი ინფიცირებული ზუგდიდის სოფელ ზემო ეწერის მკვიდრია.

კომენტარები