ეკონომიკა

რას ითვალისწინებს ევროპული საქართველოს ანტი-კრიზისული გეგმა

ევროპული საქართველო
ევროპული საქართველო

პარტია ევროპულმა საქართველომ სპეციალურ ბრიფინგზე Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირების კომპლექსური, ანტი-კრიზისული გეგმა წარმოადგინა. 

უკვე გახმოვანებულ ინიციატივებთან ერთად, როგორიცაა საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება და ერთჯერადი კომუნალური ვაუჩერის გაცემა, ერთიანი გეგმა რამდენიმე მნიშვნელოვან ახალ ინიციატივას მოიცავს. მათ შორისაა, სახელფასო დანაკლისის ანაზღაურება შემდეგი 8 თვის განმავლობაში, ასევე, საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ერთჯერადად 200 ლარის გადაცემა. 

"დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ერთიანი, კომპლექსური გეგმა, რომელიც აერთიანებს ყველა ჩვენს ინიციატივას და მოიცავს ჩვენი ეკონომიკისა და სოციალური მიმართულების ყველა სფეროს. ეს გეგმა პირველ რიგში ორიენტირებულია ადამიანზე - თუ როგორ უნდა დავიცვათ ადამიანები და მათი ოჯახები ამ კრიზისისგან", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ანტი-კრიზისული გეგმის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფომ შემდეგი 8 თვის განმავლობაში უნდა აანაზღაუროს უსამსახუროდ დარჩენილი ან სახელფასო დანაკლისის მქონე მოქალაქეების შემოსავლის 50%.

"პირველი ელემენტი გახლავთ ის, რომ დღეს გაჩნდა სეგმენტი ადამიანების, ვინც დარჩა უსამსახუროდ ადამიანები, რომლებიც გაუშვეს უხელფასო შვებულებაში და შეუმცირეს ხელფასი, თითოეული ასეთი ადამიანი არის გაურკვევლობაში, ამიტომ ჩვენი გეგმის მნიშვნელოვანი ელემენტი არის ის, რომ სახელმწიფომ 8 თვის მანძილზე უნდა აუნაზღაუროს ხელფასის ან სახელფასო დანაკლისის 50% თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დარჩა უსამსახუროდ, გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, ან შეუმცირეს ხელფასი. ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ასეთი ადამიანების დასახმარებლად", — ამბობს დავით ბაქრაძე.

მეორე ინიციატივა სოციალურად დაუცველების, თვითდასაქმებულებისა და პენსიონერებისთვის ერთჯერადად 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. ხოლო მესამე ინიციატივა 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერია, რომელიც სახელმწიფომ ერთჯერადად უნდა გადასცეს იმ ოჯახებს, რომელთა შემოსავალიც 40 ათას ლარზე ნაკლებია. 

"ჩვენი გეგმა მნიშვნელოვანია ხალხის გადარჩენისთვის და იმისთვის, რომ როდესაც ეს გამოწვევა გადაივლის, ჩვენს მოქალაქეებს არ ჩამოენგრეს ცხოვრება. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არ გაკოტრდნენ დამსაქმებლები და კრიზისის გადავლის შემდეგ შეძლონ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება", - ამბობს გიგა ბოკერია. 

სხვა ნაბიჯებთან ერთად, ევროპული საქართველოს გეგმა შემდეგი 4 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის განულებას, ხოლო კიდევ მომდევნო 4 თვის განმავლობაში - განახევრებას ითვალისწინებს. ევროპული საქართველო ასევე ითხოვს, მიმდინარე წელს ქონების გადასახადის განულებას და დღგ-ს სტრუქტურის ცვლილებას. 

"არსებითად უნდა შეიცვალოს დღგ-ს სტრუქტურა - უნდა გადავიდეთ ე.წ. Sales Tax-ზე, ხალხი ვისაც შემოაქვს ქონება, მაგრამ ვერ ყიდის, არ უნდა იხდიდეს გადასახადს. ეს არის საკვანძო წინადადებები და ვთხოვთ მთავრობას, განიხილოს ეს კომპლექსური გეგმა" — ამბობს გიგა ბოკერია.

პარტიის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მათ მიერ შემუშავებული გეგმის მოცულობა 5,2 მილიარდი ლარია. ჩაშლილი დეტალური გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • უმუშევრობის დანაკლისის ანაზღაურება — 2.49 მლრდ ლარი;
  • საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით, განახევრება კიდევ შემდეგი 4 თვით — 1.85 მლრდ ლარი;
  • ქონების გადასახადის განულება — 390 მლნ ლარი;
  • ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება —150 მლნ ლარი;
  • 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი ყველა ოჯახს - 130 მლნ ლარი;
  • 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება — 220 მლნ ლარი;

ამ გეგმის დაფინანსების წყაროდ ევროპულ საქართველოში რამდენიმე გზას ასახელებენ, ესენია: საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, საპენსიო ფონდში საბიუჯეტო შენატანების 8 თვით შეჩერება და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მინიმუმ 1,1 მილიარდი დოლარის მოზიდვა. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ მთავრობის ეფექტური მუშაობის შემთხვევაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან 2 მილიარდი დოლარის მოზიდვაც რეალურია. 

სხვა ნაბიჯებთან ერთად, ევროპული საქართველო მთავრობას სხვადასხვა ფისკალურ და მონეტარულ ინიციატივებსაც სთავაზობს, ესენია: 

  • 200 000 ლარამდე სესხზე შეზღუდვების გაუქმება;
  • შემოსავლის დადასტურების შესახებ რეგულაციის გაუქმება;
  • ეროვნული ბანკის მიერ სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის შეზღუდვა;
  • კაპიტალის მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირება;
  • ლარის სარეზერვო მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირება;
  • დოლარში სარეზერვო მოთხოვნის გაუქმება;
  • საბიუჯეტო დეფიციტის არსებულ დონეზე შენარჩუნება.

ევროპული საქართველოს ანტი-კრიზისული გეგმა, ასევე ადმინისტრაციული ჯარიმებისა და საურავების და საფოსტო გზავნილებზე 300-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, 13 მარტს მთავრობამ ანტი-კრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომელიც ტურისტული და მომიჯნავე სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის 4 თვით გადავადებას ითვალისწინებს. ასევე, დაგეგმილია დასაბრუნებელი დღგ-ს გაორმაგება, მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის გადახდა და კაპიტალურ პროექტებში დამატებით 300 მილიონი ლარის ინვესტირება.

კომენტარები