კორონავირუსი საქართველოში

პაატა იმნაძე: მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია

პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის, თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო, პრაქტიკულად, დადგენილია. სწორედ ამ პაციენტს უკავშირდება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება. 

პაატა იმნაძე ამბობს, რომ საბოლოოდ დასარწმუნებლად, კიდევ არის საჭირო გენეტიკური ანალიზის ჩატარება. 

"შეგვიძლია, უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო, პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ დაინფიცირების წყარო მისივე ოჯახის ერთერთი წევრია, რომელიც სხვა ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში. 

ახლა კიდევ საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება, მოგეხსენებათ, გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ ჩვენ, რომ დავადასტუროთ ზუსტად, როდის მოხდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ." - თქვა პაატა იმნაძემ. 

მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. 23 მარტს მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, რადგან ქალმა მონაწილეობა მიიღო წლის თავის რიტუალში, რომელსაც ბოლნისიდან მარნეულში ჩასული ადამიანებიც ესწრებოდნენ. 

როგორც პაატა იმნაძე ამბობს, ამ ორ მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 80 ადამიანი გამოიკვლიეს, მათ შორის ახლო კონტაქტები და ყველა შესაძლო შემთხვევა, რომელიც უნდა იყოს სტანდარტული განსაზღვრების მიხედვით. 

იმნაძისვე შეფასებით, მარნეულში კორონავირუსის ფართო გავრცელების შემთხვევა არ არის. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელებულია. მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობის გარდა, საკარანტინო რეჟიმში 4 000 ადამიანზე მეტია მოთავსებული. 

კომენტარები