MEDUZA: რუსეთის მთავრობის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

The Moscow Times

რუსული გამოცემა Meduza ხელისუფლებასთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მთავრობის აპარატის ერთერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 

გამოცემის ცნობით, წყარომ მათ უთხრა, რომ თანამშრომლის ტესტის დადებითი პასუხი 25 მარტს მოვიდა, მას დაავადება სიმპტომების გარეშე აქვს, თუმცა 26 მარტიდან სამსახურში აღარ დადის. ამასთან, მთავრობის აპარატის შენობაში კარანტინი გამოცხადებული არ არის და 26 მარტის მთავრობის სხდომა ჩვეულ რეჟიმში წარიმართა. 

"რატომღაც ინფიცირებულის ყველა კონტაქტიც კი არ შეამოწმეს,"- უთხრა Meduza-ს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ. 

წყაროსვე თქმით, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მხოლოდ ერთი ტესტით ზუსტი დიაგნოზის დასმა არ შეიძლება და ჯერჯერობით ეს მხოლოდ ეჭვია. 

Meduza-ს ცნობით, მათ შეკითხვებით მიმართეს მთავრობისა და ოპერატიული შტაბის პრესს სამსახურების. ამ უკანასკნელში კი გამოცემას უთხრეს, რომ ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. 

რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 145-მილიონიან ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 840-მდეა, საიდანაც 22 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა. 

ამ ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევენ რუსი მაღალჩინოსნებიც კი. 25 მარტს მოსკოვის მერმა, სერგეი სობინიანიმ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა და უთხრა, რომ მოსკოვში რეალურად უფრო მეტია ინფიცირებული, ვიდრე მათ ინფორმაცია აქვთ და რომ ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ვირუსი სწრაფად ვრცელდება.

10 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში რუსი აქტივისტი და ექიმი ანასტასია ვასილევა ამბობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს და სხვა დარგის სპეციალისტებს, როგორებიც არიან კარდიოლოგები, თუ გინეკოლოგები, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან სპეციალური აღჭურვილობის გარეშე უშვებენ.

აქტივისტი ხელისუფლებას ტყუილსა და კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

ვლადიმერ პუტინმა 25 მარტს შემდეგი კვირა უქმედ გამოაცხადა. განუსაზღვრელი ვადით გადაიდო რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. 22 აპრილს გასამართი რეფერენდუმი პუტინს უფლებას მისცემდა, პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ორი ვადით დარჩენილიყო.

კომენტარები