კორონავირუსი

მთავრობა: დაიცავით შეზღუდვები, თორემ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გამოვიყენებთ

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები. ადმინისტრაციის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში "კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს" გამოიყენებენ.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები. აღინიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მთავრობა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, დარჩნენ სახლში და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოში კორონავირუსი 79 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ასევე, მთლიანად მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული მარნეული და ბოლნისი.

კომენტარები