ვენესუელა

აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტ მადუროს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ბრალი წარუდგინა

0 კომენტარი
ნიკოლას მადურო ფოტო: AP

აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებს ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტზე ბრალი წაუყენა

ეს გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა, გამოაცხადა. ამასთან, აშშ-მა ჯილდოდ დააწესა $15 000 000 ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რაც მათ მადუროს დაპატიმრებაში დაეხმარებათ. 

"ვენესუელელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალე, პასუხისმგებლიან, წარმომადგენლობით ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება ხალხის საჭიროებებს და რომელიც არ არის ჩართული ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობაში,"- თქვა უილიამ ბარმა. 

ვაშინგტონი ვენესუელაში ოპოზიციურ ლიდერს, ხუან გუაიდოს, უჭერს მხარს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გუაიდომ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, უნდა დაეკავებინა. 

აშშ-ის გარდა, გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად 50-ზე მეტმა ქვეყანამ ცნო, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ და ჰოლანდიამ. გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად ცნო ევროპარლამენტმაც. 

ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ. მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

6 იანვარს მადუროს დაქვემდებარებაში მყოფმა უშიშროების ძალებმა ქვეყნის პარლამენტის შენობა აიღეს და ხუან გუაიდოს და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს ახალ სპიკერად გუაიდოს ნაცვლად ლუის პარრა დანიშნეს. გუაიდოს მოკავშირეებმა მომხდარს საპარლამენტო გადატრიალება უწოდეს. 8 იანვარს კი ოპოზიციამ პარლამენტის შენობაში შეღწევა შეძლო და თავმჯდომარედ კვლავ გუაიდო დაამტკიცა.

4 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში გამოსვლისას ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერაზე დემოკრატიის აღდგენის გზაზე ისაუბრა. მან ნიკოლას მადუროს სისხლიანი ტირანი უწოდა. ტრამპის გამოსვლას კონგრესში გუაიდოც ესწრებოდა. 5 თებერვალს ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტ ხუან გუაიდოს.

10 მარტს ვენესუეალს დედაქალაქ კარაკასში გამართული ანტისამთავრობო აქცია, რომელშიც ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ცრემლსადენი გაზით დაარბიეს. 

აშშ-მა რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილ ნავთობკომპანია როსნეფტს ნიკოლას მადუროს რეჟიმთან თანამშრომლობის გამო სანქციები 18 თებერვალს დაუწესა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები