იუსტიციის სამინისტრო

წულუკიანის უწყება ომბუდსმენის თანამშრომლის ვიდეოს წესების დარღვევით ჩვენებისთვის დაჯარიმდა

იუსტიციის სამინისტრო

21 იანვარს პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენლის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო და 1 000 ლარით დააჯარიმა. 

ამასთან, მათ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების წაშლა დაევალათ. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გავრცელება პერსონიფიცირებული ფორმით, მათზე აღბეჭდილი პირების სახის დაფარვის გარეშე, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამინისტროს კანონიერ ინტერესებსა და საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მიზანს არ ემსახურებოდა. 

"შესაბამისად, სამინისტრომ პარლამენტის კომიტეტზე და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების გზით, ხოლო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების, ასევე, სამაუწყებლო კომპანიებისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის გადაცემის გზით, ვიდეოჩანაწერებზე ასახულ პირთა პერსონალური მონაცემები დაამუშავეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის დარღვევით,"- წერია განცხადებაში. 

21 იანვარს სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ციხეების მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა, რასაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა. 

ანგარიშის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა იუსტიციის მინისტრისთვის. თეა წულუკიანმა დოკუმენტს "არაპროფესიონალური" უწოდა და სხდომაზე გაუშვა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლის დარღვევები ჩანს - ის პატიმრის მაგიდიდან ჭამს, ეწევა სიგარეტს, იყენებს საპირფარეშოს და ამასთან, დახეული ჯინსები აცვია.

წულუკიანის ამ ქმედებას მოჰყვა ქვეყანაში მოქმედი 10 ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომლის მიხედვით, იუსტიციის მინისტრმა უხეშად დაარღვია როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპები, ასევე, საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებები. NGO-ები მიიჩნევენ, რომ თეა წულუკიანის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.

კომენტარები