ერთი კვირის წინ დაკარგულების ვარსკვლავმა ევანჯელინ ლილიმ პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ცნობები ეჭვქვეშ დააყენა, მისი აზრით საზოგადოების რეაქცია გადაჭარბებული იყო და ეპიდემია რეალურად მოქმედი ხელისუფლების წინაასაარჩევნო პიარს ემსახურებოდა. პოსტს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და მსახიობი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. ლილიმ რამდენიმე საათის წინ ბოდიშის წერილი გამოაქვეყნა.
"მოგესალმებით. სახლიდან გწერთ, რომელშიც 18 მარტიდან სოციალურ დისტანციას ვიცავ. სწორედ აღნიშნულ დღეს გამოცხადდა სოციალური დისტანციის დაცვის წესები იმ პატარა დასახლებაში, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობ. რაც შეეხება 16 მარტს(პოსტის გამოქვეყნების თარიღი), აქ იმ დროისთვის 250 ადამიანის შეკრებისა და ხელების დაბანის რეგულაცია იყო, ორივეს ვითვალისწინებდი. ორი დღის შემდეგ მითითებები შეიცვალა, მიუხედავად ჩემი შიშისა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების მიმართ, რომელიც ეპიდემიას მოჰყვება, იცოდეთ რომ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვასრულებ, ოჯახთან ერთად სახლში ვარ. გულწრფელ ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ უგრძნობლად მოვეკიდე იმ რეალურ საფრთხეებსა და შიშებს, რომელიც Covid-19-მა მთელს მსოფლიოში გამოიწვია. ასაკოვანი ხალხი, მშობლები, ბავშვები, დები და ძმები კვდებიან, სამყარო იბრძვის ვირუსის დასამარცხებლად, არ მინდა ჩემი დუმილი უპასუხისმგებლობისა და ამპარტავნობის გამოვლინებად მიგეღოთ. ჩემი უშუალო ბოდიში იმ ადამიანებს, ვისაც ეს პანდემია შეეხოთ. ვწუხვარ გარდაცვლილებზე, მხარს ვუჭერ ექიმებს, რომლებიც ყოველდღიურად სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. განვიცდი მცირე ბიზნესის პრობლემებს და ვეცდები პასუხისმგებლობით მოვეკიდო ყველა რეკომენდაციას. როგორც ბევრ თქვენთაგანს მეც მაღელვებს ეპიდემიის პოლიტიკური შედეგები, მეორეს მხრივ აღფრთოვანებული ვარ იმ სილამაზითა და ჰუმანურობით, რომელსაც ადამიანები ამ რთულ ვითარებაში ავლენენ. როდესაც სოციალურ დისტანცირებაზე ვორჭოფობდი, ერთმა ბრძენმა ადამიანმა მითხრა "ნუ დისტანცირდები შიშის გამო, გააკეთე ეს სიყვარულისთვის", მისი სიტყვები საკუთარი ადგილის პოვნაში დამეხმარა. გიგზავნით ჩემს სიყვარულს, თუნდაც ამ ეტაპზე თქვენ ვერ დამიბრუნებთ იგივეს,"-წერს მსახიობი.
27 მარტის მონაცემებით, აშშ-ის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 86,043 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან გამოჯანმრთელდა 1,868 და გარდაიცვალა 1,304 ადამიანი.