კორონავირუსი საქართველოში

დეკანოზი: კორონავირუსი არის სიკვდილის ცელი, მან არც ტაძრის კედლები იცის და არც სხვა ადგილი

facebook.com/iliachihgladze

მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი ილია ჭიღლაძე მიიჩნევს, რომ ეკლესიებში ღვთისმსახურება ხალხის გარეშე უნდა აღსრულდეს, რათა მოქალაქეებმა ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ. 

"ჩვენ არ ვითხოვთ ღვთის მსახურების შეწყვეტას. ჩვენი პოზიცია არის, რომ დროებით საჯარო მსახურებები უნდა შეჩერდეს და ღვთისმსახურება აღასრულოს მხოლოდ სამღვდელოებამ ტაძრებში, ისე როგორც ეს ძალიან ბევრმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სინოდალურ დონეზე განაჩინა, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი არის სიკვდილის ცელი, რომელმაც არც ტაძრის კედლები იცის და არც სხვა ადგილი. ის თანაბრად ვრცელდება ყველგან."

დეკანოზმა ერთი კოვზით ზიარების წესზზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესიას შეუძლია ზიარების წესის შეცვლა, თუმცა მისი თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს არა კოვზზე, არამედ ადამიანების საჯაროდ შეკრების საშიშროებაზე. 

"საჭიროების შემთხვევაში ზიარების გარეგნული მხარე ეკლესიას შეუძლია, რომ შეცვალოს. ზიარების წესი არ არის დოგმატი. ეს რიტუალური საწესჩვეულებო მხარე, კოვზით იყო თუ კოვზის გარეშე იცვლებოდა სხვადასხვა საუკუნეებში. ჩვენი აქცენტი უნდა იყოს არა კოვზზე, არამედ იმაზე, რომ ადამიანების შეკრება არის საშიშროების შემცველი. ზუსტად ამას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები," - აღნიშნა დეკანოზმა ჭიღლაძემ. 

კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.

კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს. საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, სრულ განკურნებამდე სახლში დარჩნენ, ხოლო ტაძრებში დაიცვან დისტანცია - 2 მეტრი. ტაძრის ეზოში - 1.5 მეტრი. განცხადების მიხედვით, მოძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, წირვაზე და 7-გზის ზეთისცხებაზე მრევლი კვირის სხვადასხვა დღეებში გადაანაწილონ.

კომენტარები