ქართველები უცხოეთში

საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი ქართველების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

kvira.ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას პირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ.

უწყება მოუწოდებს ქვეყნის გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდნონ მსგავსი სახის შეთავაზებებს და მგზავრობის მარშრუტი მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით დაგეგმონ. 

"უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა,"- წერია განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციითვე, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში დაეხმარნონ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

კომენტარები