პაციენტების მდგომარეობა

ექიმი: 13 დაინფიცირებული პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის მარნეულელი ქალის

პირველი საუნივერსიტეტოს კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში ამჯერად 57 პაციენტი მკურნალობს, აქედან 13-ს აქვს დადასტურებული კორონავირუსი და დადატურებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის არის მარნეულიდან ჩამოყვანილი 62 წლის ქალი. მეორე კი 80 წლის ქალია. ამის შესახებ ტურძელაძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. 

"მათ მძიმე სუნთქვის უკმარისობა აქვთ. 80 წლის ქალს აქვს თანმხლები დაავადებები, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ყოველივე ამან განაპირობა მისი მდგომარეობის დამძიმება და 62 წლის ქალი, მოგეხსენებათ, რომ მარნეულიდან დაგვიანებული შემთხვევაა, მცირედითაა გაუმჯობესებული მისი პარამეტრები," - ამბობს ექიმი.

რაც შეეხება ორსულ ქალს, რომელიც ბოლნისიდან გუშინ ჩამოიყვანეს, ექიმი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა მძიმე არ არის და პერიოდულად აქვს დაბალი სიცხე. 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი ჩვილი მკურნალობს ასევე. მათ ვირუსი დადასტურებული არ აქვთ, თუმცა ექიმის თქმით, ერთის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ორი ჩვილის მდგომარეობა კი, რომლებიც ბოლნისიდან და დმანისიდან შეიყვანეს მძიმეა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 13 პირი გამოჯანმრთელდა. 4505 ადამიანი კარანტინშია.

კომენტარები