კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ინფექციურშია, მისი მდგომარეობა მძიმეა

Interpressnews

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ინფექციურშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, ქალი გვიან ღამით მოათავსეს კლინიკაში და ის კვლევის პროცესშია. 

"მოგზაურობა არ არის, როგორც ჩემთვის ცნობილია, რაღაც სამსახურობრივად აქვს ურთიერთობა უცხოელებთან, მაგრამ არასწორი ინფორმაცია რომ არ მოგაწოდოთ, ვცდილობ არ გითხრათ, არ ვიცი. ჩავთვალოთ რომ კვლევაშია წყარო"- თქვა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ ქალი ავადმყოფობის გამო უკვე თვითიზოლაციაში იყო.  

რაც შეეხება 4 მძიმე პაციენტებს, ეზუგბაია ამბობს, რომ ორის მდგომარეობა დასტაბილურდა და "შეიძლება პროგნოზირება, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება". დანარჩენი ორის მდგომარეობა კვლავ კრიტკულია.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 85 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 14 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში 4641 ადამიანი იმყოფება. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 

21 აპრილამდე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

კომენტარები