კორონავირუსი

იმნაძე: ნუ მრევენ პოლიტიკაში, თავი დამანებონ, თორემ ავლაპარაკდები, ბევრი რამე ვიცი

"მე პოლიტიკოსი არ ვარ და მრევენ რა, პოლიტიკაში, არ მინდა, თავი დამანებონ რა სუყველამ, იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, რა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ TV პირველის ეთერში, კორონავირუსის დასადგენ ტესტებზე საუბრის შემდეგ თქვა. 

" თავი დამანებონ, იმდენი რამე ვიცი იმდენ ვიღაცაზე და იქ ჭკვიანები ხომ არიან არა იმ ბანაკში, თავი დამანებონ, რა, ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათმაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, არა? რომ ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ, დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ, ქვეყანას დღეს ეს სჭირდება" - თქვა იმნაძემ სავარაუდოდ ოპოზიციის წევრებზე.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა პოლიტიკოსებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პასუხობს - "იციან ძალიან კარგად, ვისზეც ველაპარაკე, ძალიან კარგად იციან".

პაატა იმნაძის შეფასებითვე, ქვეყანაში ყველა ეპიდემილოგი გახდა. ის ამბობს, რომ ინფექციის დასადგენ ტესტებს თავისი გამოყენების დრო აქვს.

"რაღაცა ვიცით რა ჩვენც და წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ თავიანთი რჩევებით, უფრო უჭირთ. ყველასგან მივიღებთ რჩევას, მარტო კი არ მუშაობს ჩვენი გუნდი, მაგრამ თავი დაანებონ ამ კეკლუცობას ტელევიზიებში. ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დრო, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. ღია გაკვეთილების ჩატარებას ხომ არ დავიწყებ" - ამბობს იმნაძე და ფიქრობს, რომ ყველას დრო გაუჩნდა.

"რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა. ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით, ახლა მე ხომ ვიცი, ეს კუდები საიდან მოდის, არა? საქმე არა აქვს ამ ხალხს?" - კითხულობს იმნაძე და ამბობს, რომ "ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა, ყველამ ერთხმად ქება რომ დამიწყო.... ორგანიზებული ქება რომ დაიწყო, მაშინ მივხვდი, რომ ცუდად არის საქმე". ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დარჩეს სახლში.

საქართველოში კორონავირუსით 85 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 14 - გამოჯანმრთელდა.

კომენტარები