კორონავირუსი საქართველოში

Covid-19-ით ინფიცირებული 90 ადამიანიდან ექვსი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 90 ადამიანიდან ექვსი უწყების დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული პირები 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ არანაირი შეხება არ ჰქონიათ სამხედრო ნაწილებთან.

"თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გატარდა უმკაცრესი ღონისძიებები. ასევე, მათთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით.

იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, ის გარემოება რომ 12 მარტიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარამულ მდგომარეობაზეა გადასული. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან", - წერია განცხადებაში.

აქართველოში, 28 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, 16 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 ადამიანი, გარდა ამისა კარანტინშია ორი მუნიციპალიტეტი - ბოლნისი და მარნეული.

კომენტარები