კორონავირუსი საქართველოში

ხვალიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ხვალიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება - ამის შესახებ სახელწმიფო რწუმენებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ისაუბრა.

"ხვალიდან, 29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან.

ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად", - თქვა მან.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ზუგდიდში მხოლოდ ერთი ადამიანი არის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, ისინი ყოველ წუთს ელოდებიან სხვა შემთხვევებსაც.

"ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად, რამდენადაც ფაქტიურად იმ ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს - ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია. ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით. აქედან უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან", - თქვა მან.

საქართველოში, 28 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, 16 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 ადამიანი, გარდა ამისა კარანტინშია ორი მუნიციპალიტეტი - ბოლნისი და მარნეული.

ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

კომენტარები