კორონავირუსი

აშშ-ის კომპანია Abbott Covid-19-ის ტესტებს აწარმოებს, ვირუსის ამოცნობა 5 წთ-შია შესაძლებელი

Abbott

ამერიკული სამედიცინო მოწყობილობების კომპანია Abbott Laboratories 1-ლი აპრილიდან კორონავირუსის ტესტების წარმოებას იწყებს, რომლითაც დაავადება 5 წუთში გამოვლინდება. მოწყობილობა პატარა და პორტატულია, მისი გამოყენება თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, ცხელ წერტილებშია შესაძლებელი. 27 მარტს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ტესტს გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია მიანიჭა.

კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა და მკვლევარმა ჯონს ფრელსმა განაცხადა, რომ კომპანია 1-ლი აპრილიდან დღეში 50 000 ტესტის წარმოებას დაიწყებს. მოლეკულური ტესტი კორონავირუსის არსებობის შემთხვვევაში მისი გენომის ფრაგმენტს ნახულობს. თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, ამის გასაგებად ტესტის გაკეთებიდან 13 წუთია საჭირო, დადებითი პასუხის გაგება 5 წუთშია შესაძლებელი.

ვირუსის ამომცნობი მოლეკულური ტექნოლოგია ემყარება Abbott-ის ID Now პლტფორმას. მსგავს ტესტირებას იყენებენ გრიპის, ყელის ბაქტერიული ინფექციის და რესპირატორული ვირუსის დასადგენად.

ტესტი ცხვირიდან ან ხახიდან ნაცხის აღებით იწყება. ნაცხის ქიმიურ ხსნართან შერევით ვირუსი იხსნება და მის რნმ-ს ათავისუფლებს, რომელიც პატარა ყუთში, ID Now სისტემაში შეჰყავთ. ამ მოწყობილობას ნაცხში ვირუსის მცირე რაოდენობის ამოცნობა კორონავირუსის გენომის გამრავლებით შეუძლია.

კომპანია ამჟამად მომხმარებლებთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობს, რათა ტესტების პირველი პარტია გაგზავნონ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანიის m2000 RealTime სისტემაც დაამტკიცა, რისი გამოყენებაც საავადმყოფოებსა და მოლეკულურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. ამ სისტემით კვირაში 1 მილონი ტესტის დამზადებაა შესაძლებელი, თუმცა ტესტის პასუხების გასაგებად უფრო დიდი დროა საჭირო.

კომპანია ორივე სისტემით გეგმავს, რომ თვეში სულ მცირე 5 მლნ ტესტი დაამზადოს. 

29 მარტის ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მსოფლიოში ყველაზე მეტი, 123 776 შემთხვევაა გამოვლენილი. ახალი ვირუსით გარდაიცვალა 2 229 პაციენტი, 3 231 უკვე გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში ახალი ვირუსით 664 612 პირია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 30 892 პირი, გამოჯანმრთელდა 142 368.

კომენტარები