კორონავირუსი

კორონავირუსი - ფოთის ორ და ზუგდიდის ერთ შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ფოთის ორივე შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა. ფოთის მერიაში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. 

"ბლოკ-პოსტებს რაც შეეხება, პოლიციამ უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა, ეს არის ფოთის შესასვლელი და გასასვლელი, ზუგდიდში იქნება ქალაქის შესასვლელში. ჯერჯერობით საპოლიციო ძალებით შეიქმნება, რა თქმა უნდა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, მოხალისეების დახმარებით. თუ საჭირო გახდება, ყოველ წუთს შეიძლება ვითარება შეიცვალოს, ამ შემთხვევაში ჩვენი თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. ეს არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების მაღალ საზოგადოებრივ შეგნებაზე" , - თქვა მოწერელიამ ინტერპრესნიუსის ცნობით.

29 მარტიდან რეგიონში ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეწყვიტა მოძრაობა. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ყველა ავტომობილს შეაჩერებენ, რომელშიც სამ ადამიანზე მეტი იქნება.

"მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად", - თქვა მან.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ზუგდიდში მხოლოდ ერთი ადამიანი არის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, ისინი ყოველ წუთს ელოდებიან სხვა შემთხვევებსაც.

"ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად, რამდენადაც ფაქტიურად იმ ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს - ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია. ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით. აქედან უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან", - თქვა მან.

საქართველოში, 29 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია.

ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. კარანტინშია ორი მუნიციპალიტეტი - ბოლნისი და მარნეული.

კომენტარები