ჩინეთის ხელისუფლებამ Covid-19-ის ეპიდემიის შეჩერების შესახებ გამოაცხადა

პეკინი, თიენანმენის მოედანი.
CNN

ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცლება ამ დროისთვის შეჩერებულია, ამის შესახებ ჩინეთის ჯანმრთელობის ნაციონალური კომისიის წარმომადგენელმა, მი ფენგმა განაცხადა. 

ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი 3,000-ს არ აღემატება. მი ფენგი ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ახალი კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთა იზოლაციას და მიიღებს ყველა ზომას, რათა აირიდონ დაავადების ხელახლი აფეთქება. 

ახალი კორონავირუსის, Covid-19-ის პირველი შემთხვევა სწორედ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში, დეკემბერში გამოვლინდა. ჩინეთის ხელისუფლება ახალი დაავადების შესახებ ინფორმაციას მალავდა, ხოლო დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო ზომები მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც დაავადებულთა რიცხვმა ასეულებს გადააჭარბა. 

სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა უჰანისა და რამდენიმე მეზობელი ქალაქის საკარანტინო რეჟიმზე გადაყვანა. სულ, მოცემულ პერიოდში ჩინეთში ახალი კორონავირუსით 82 ათასი ადამიანი დაავადდა. გარდაიცვალა 3,300 ადამიანი. 

შემზღუდავი ზომების ნაწილი უჰანში მარტში გაუქმდა, დაავადების გავრცელებამ პიკს თებერვლის შუა რიცხვებში მიაღწია.

კომენტარები