გამყრელიძე: ნუ გავაკეთებთ აქცენტს საპატრიარქოზე, ყველა დაწესებულებაში, ოჯახში ვიცავთ წესებს?

იმედი

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის პრევენციის რეკომენდაციების დარღვევის კუთხით აქცენტი მხოლოდ ქართულ ეკლესიაზე არ უნდა გავაკეთოთ.

გამყრელიძემ 28 მარტს ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ადამიანები რეკომენდაციებს არც ოჯახში და სამსახურში ასრულებენ.

"ნუ გავაკეთებთ აქცენტს მარტო საპატრიარქოზე და ქართულ ეკლესიაზე, რომელიც გახლავთ ყველაზე უფრო პატივსაცემი და ხალხისთვის უზენაესი ინსტიტუცია ქვეყანაში. პირველ რიგში, თითოეულმა ჩვენგანმა... აბა, თქვენს ტელევიზიაში მოიკითხეთ და ყველა ჩვენს სამსახურში, რამდენი ადამიანი მუშაობს დისტანციურად? ყველა დაწესებულებაში და ოჯახში ვიცავთ იმ წესებს, რაზეც ვლაპარაკობთ? 2 თვე გავიჭირვოთ, მეგობრებო და ხალხო, ვიყოთ ხანდაზმულები სახლებში, ვიყოთ ქრონიკული დაავადებების მქონეები სახლებში...

დღეს ერთ-ერთ ტაძართან ჩემი ახლობლები იყვნენ და გახარებულებმა მითხრეს, ვერ წარმოიდგენთ, როგორ იცავენ წესებს, დანომრილია ადგილები ეზოში, ვინ სად უნდა იდგესო.

იცავენ ეს ადამიანები წესებს, მორწმუნე მრევლი იმას, რაც მათ მოუწოდა ეკლესიამ, პატრიარქმა. მე მქონდა ამის ბედნიერება, რომ ამ ბოლო ხანებში რამდენჯერმე ვწვეოდი მის უწმინდესობას და მესაუბრა მასთან და უმაღლეს მღვდელმთავრებთან ყველა იმ სირთულეზე, ყველა იმ საშიშროებაზე, რაც შესაძლებელია", - თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მთელ საქართველოში საგანგებო მდგომრეობაა, მარნეული და ბოლნისი კი მკაცრ საკარანტინო ზონებად გამოცხადდა, მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს, დროებით შეცვალოს ერთი კოვზით ზიარების წესი, ასევე, წირვა-ლოცვა ცარიელ ტაძრებში ჩაატაროს, მრევლმა კი მათ დისტანციურად მოუსმინოს. საპატრიარქო აცხადებს, რომ "ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე უარის მთქმელი უარს ამბობს მაცხოვარზე, ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე".

ახალი კორონავირუსი, რომლითაც მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 32 ათას ადამიანზე მეტი კი დაიღუპა, წვეთოვანი გზით, ძალიან სწრაფად ვრცელდება. ჩაკეტილია საზღვრები, შეჩერებულია ფრენები, პაპი ფრანცისკე ლოცვას ცარიელ მოედანზე აღავლენს, თუმცა, საქართველოს საპატრიარქო ვირუსის გავრცელების საშიშროებას და საფრთხეს, რომელსაც Covid-19 ადამიანების, განსაკუთრებით ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს უქმნის, არ აღიარებს.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში აკრძალულია თავყრილობები, მათ შორის, დახურულ სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრება. ამ წესის დარღვევის გამო შსს-მ 96 ადამიანი 3 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა, საგანგებო მდგომარეობის პირობებს სახელმწიფო ეკლესიაზე არ ავრცელებს.

კომენტარები