გერმანია

გერმანიაში, ჰესენის მხარის ფინანსთა მინისტრმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა

გერმანიაში, ჰესენის მხარის ფინანსთა მინისტრმა, თომას შაფერმა სიცოცხლე, სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შაფერის ცხედარი ფრანკფურტისა და მაინცის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მატარებლის სადგურზე აღმაოჩინეს. 

პოლიციის ცნობით, თვითმხილველებმა ცხედარი დაზიანებების გამო ვერ ამოიცნეს, სამართალდამცავები ამბობენ, რომ ამ დროისთვის მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით მომხდარი თვითმკვლელობას გავს. 

ადგილობრივი გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, შაფერმა წინასასიკვდილო ჩანაწერი დატოვა, რომელშიც მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინა დღეებში შაფერი აქტიურად ჩნდებოდა სხვადასხვა შეხვედრებზე, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად იმართებოდა. 

შაფერი გერმანიის მმართველი პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი იყო და პოლიტიკური საქმიანობა 20 წლის წინ დაიწყო. სწორედ ჰესენში მდებარეობს ქვეყნის ფინანსური დედაქალაქი ფრანკფურტი. შაფერს ფინანსთა მინისტის პოსტზე 10 წელი მუშაობდა. 

მოსალოდნელი იყო, რომ სწორედ შაფერი ჩაანაცვლებდა 2023 წლის არჩევნებზე ადგილობრივ პრემიერ-მინისტრს, ვოლკერ ბუფიერს. შაფერის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა როგორც შაფერის თანაპარტიელებმა, ასევე, ოპონენტებმა. 

ვოლკერ ბუფიერის თქმით, შაფერი ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკურ ზიანზე ღელავდა. 

გერმანიაში ამ დროითვის Covid-19-ის 58,247 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 455 პაციენტი.

კომენტარები