კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: დინამიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე მოველოდით

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

"დინამიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე მოველოდით" - თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, იმედის ეთერში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებზე საუბრისას.

"თავიდან, რა თქმა უნდა, დინამიკა უმჯობესი იყო, როცა ვიმყოფებოდით შეკავების სტადიაზე, როცა არ იყო შიდა გავრცელება. იყო მხოლოდ მესამე რიგის გავრცელება, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა ინფიცირებულმა პირმა ზუსტად იცოდა, ვისგან დაინფიცირდა", - თქვა ცერცვაძემ 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მეოთხეული გადაცემა, როდესაც პირმა არ იცის, ვისგან დაინფიცირდა, საქართველოში "გარდაუვალი იყო", თუმცა ასეთი შემთხვევები სხვა ქვეყნებში 3-4 კვირის წინ დაფიქსირდა.

"შიდა გავრცელების დაწყებამდე, დინამიკა ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. მაგრამ, როგორც კი დაიწყო შიდა გადაცემა, მოველოდით, რომ შემთხვევების მკვეთრი მატება იქნებოდა. ასე მოხდა ყველა სხვა ქვეყნებში - სადაც შიდა გავრცელების შემდეგ წამოვიდა ასეული და ათასეული ახალი შემთხვევა. ჩვენთან მნიშვნელოვანი მატება არ არის", - თქვა ცერცვაძემ. 

ცერცვაძის თქმით, მართალია საქართველოში შიდა გავრცელების ეტაპი დაიწყო, მაგრამ "ის ჯერ შეზღუდულია, ლოკალიზებულია. შიდა გავრცელება ცალკეულ ცხელ წერტილებში მოხდა."  

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ინფიცირების შემთხვევების ზომიერი მატების ტენდენცია გაგრძელდება და პიკს, თუ იქნება, 2-3 კვირის შემდეგ ელოდება. 

29 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 91 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4 717 პირია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები სრულად მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია. 

კომენტარები