აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

The Washington Post-ისა და ABC News-ის გამოკითხვა: არჩევნებში ბაიდენი 49%-ს, ტრამპი 47%-ს აიღებს

ჯო ბაიდენი / დონალდ ტრამპი

The Washington Post-ისა და ABC News-ის ერთობლივი გამოკითხვის მიხედვით, ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხმათა 47%-ს აიღებს, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი 49%-ს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის შედეგებით ტრამპი ბაიდენს 7%-ით ჩამორჩებოდა.

გამოკითხულთა უმეტესობა კორონავირუსის კრიზისის დროს ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას ანიჭებს უპირატებსობას, თუმცა, ამავდროულად ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით ბაიდენის გეგმა ლიდერობს.

ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დემოკრატიული პარტიის ნომინაცია ჯერ ოფიციალურად არ მოუპოვებია. მის მთავარ კონკურენტად რჩება ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი. ამჟამად ბაიდენს 1,217 დელეგატი ჰყავს, ბერნი სანდერსს - 914. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებათ. კორონავირუსის გამო რამდენიმე შტატში პრაიმერი გადაიდო.

The Washington Post-ისა და ABC News-ის გამოკითხვის მიხედვით დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს შორის ბაიდენი 55%-ით ლიდერობს, სანდერსმა კი მხოლოდ 39% მიიღო მაშინ, როდესაც უკანასკნელ მსგავს გამოკითხვაში სწორედ ის ლიდერობდა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული ნომინაციისათვის ბრძოლაში სუპერ სამშაბათს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. 3 მარტს მან გაიმარჯვა ალაბამას, არკანზასის, მენის, მასაჩუსეტსის, მინესოტას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოკლაჰომას, ტენესის, ტეხასის და ვირჯინიის შტატებში. 16 მარტს გამართულ დებატებში ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ნომინაციის მოპოვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტად ქალს დაასახელებდა.

სუპერ სამშაბათამდე ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ მინესოტას სენატორი ემი კლობუშარი და საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. სუპერ სამშაბათს განცდილი მარცხის შემდეგ კამპანია შეწყვიტა მილიარდერმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა და მანაც მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა. ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენიც. ამ დრომდე მას არ გაუკეთებია განცხადება იმაზე, თუ ვის უჭერს მხარს. ჯო ბაიდენს მხარს უჭერენ სხვა ყოფილი კანდიდატებიც, მათ შორის კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი და ყოფილი ტეხასელი კონგრესმენი ბეტო ო'რურკი. 20 მარტს კამპანია შეწყვიტა და ბაიდენს მხარი დაუჭირა ჰავაის კონგრესმენმა ტულსი გაბარდმაც. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაბარდი მხარს ვერმონტის სენატორს, ბერნი სანდერსს უჭერდა.

17 მარტს სამ შტატში გამართულ პრაიმერში განცდილი მარცხის შემდეგ ბერნი სანდერსის კამპანიის მენეჯერმა თქვა, რომ ვერმონტის სენატორი საკუთარ კამპანიას შეაფასებს და სხვადასხვა შესაძლებლობას საკუთარ მხარდამჭერებთან განიხილავს. მანამდე სანდერსმა პირობა დადო, რომ ნომინაციისათვის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებდა.

უკანასკნელი მონაცემებით აშშ COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზეა. ქვეყანაში დაავადება დაუდგინდა 142,735 ადამიანს, გარდაიცვალა 2,488, გამოჯანმრთელდა 4,559.

ტრამპმა კორონავირუსის გამო შემოღებული ფედერალური დირექტივები მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 აპრილამდე გაახანგრძლივა.

კომენტარები