ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

EPA

ჩრდილოეთ კორეამ 29 მარტს კიდევ ორი, სავარაუდოდ მცირე-რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რაკეტები აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. დაახლოებით 230 კილომეტრის დაფარვის შემდეგ ორივე რაკეტა წყნარ ოკეანეში ჩაეშვა.

სამხრეთ კორეამ COVID-19-ის მიმდინარე პანდემიის პირობებში მსგავსი ქმედება დაგმო და "შეუფერებელი" უწოდა.

"იმ სიტუაციაში, როდესაც მთელი მსოფლიო ელის გართულებებს COVID-19-ის გამო, ასეთი სამხედრო ქმედებები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ძალიან შეუფერებელია და მათ დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ მოვუწოდებთ." ნათქვამია სამხრეთ კორეის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს თქმით რაკეტები სავარაუდოდ ბალისტიკური იყო და ისინი იაპონიის ტერიტორიულ წყლებში ან ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში არ შესულან.

მიმდინარე თვეს ჩრდილოეთ კორეამ ჯამში 4 ტესტი ჩაატარა და 9 რაკეტა გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალები სამხედრო წვრთნებს აგრძელებენ.

პარალელურად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყანაში ახალი კორონავირუსის არსებობას უარყოფს, თუმცა ახალი საავადმყოფოების აშენების ბრძანება გასცა.

სამხრეთ კორეული მედიის მიხედვით კი ჩრდილოეთ კორეაში კორონა ვირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების ბევრი შემთხვევაა. Daily NK-ს მიხედვით მიმდინარე წლის დასაწყისში ვირუსით დაავადების შემდეგ ჩრდილო კორეელი 180 ჯარისკაცი დაიღუპა, 3,700 კი კარანტინში მოათავსეს. Yonhap - ის მიხედვით კი, კარანტინში, დაახლოებით 10 000 ადამიანი იყო.

კომენტარები