ინდოეთი

მოდიმ COVID-19-ის პრევენციისთვის მიღებული ზომების გამო ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

ნარენდრა მოდი

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული ზომების გამო ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

ინდოეთში 21-დღიანი საიზოლაციო რეჟიმია ამოქმედებული. მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობამ შესაბამისად არ გათვალა ის ეკონომიკური შედეგები, რასაც ეს გადაწყვეტილება მოიტანდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსახლეობის ნაწილი სამუშაოს გარეშე დარჩა და მილიონობით ადამიანი ქალაქებიდან სოფლისაკენ დაიძრა.

"პირველ რიგში პატიება მინდა ვთხოვო ჩემს თანამოქალაქეებს. [ღარიბები] უეჭველად იფიქრებენ, როგორი პრემიერმინისტრია ეს, რომელიც ამდენ პრობლემას გვიქმნის... ის ნაბიჯები, რაც გადავდგით, ინდოეთს კორონაზე გაამარჯვებინებს." თქვა მოდიმ რადიო მიმართვაში.

პრემიერმინისტრის თქმით ვირუსის შესაჩერებლად სხვა გამოსავალი არ არსებობს. მთავრობამ გამოაცხადა, რომ ეკონომიკის ხელშეწყობისთვის 22.6 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა, რომლის ნაწილიც ღარიბი მოსახლეობისათვის საკვების მიწოდებას მოხმარდება.

ამჟამად ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირების 1,071 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 29 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 100.

კომენტარები