ავსტრალია კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინას (ბცჟ) გამოცდის

ავსტრალიაში, მელბურნში მდებარე მერდოკის კვლევით ინსტიტუტში კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინის bacillus Calmette-Guerin-ის (კალმეტ-გერენის ბაცილა, BCG, ბცჟ) მოქმედებას გამოიკვლევენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინის მოქმედების შესწავლა კორონავირუსთან მიმართებით და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ ითანამშრომლონ მელბურნის ინსტიტუტის კვლევასთან. კვლევის ხელმძღვანელი, ნაიჯელ კურტისი ამბობს, რომ ვაქცინა იმუნურ სისტემას არაერთი ინფექციური დაავადების წინააღმდეგ აძლიერებს, მათ შორის ვირუსების და ბაქტერიების. აფრიკაში ტუბერკულიოზზე აცრილ ბავშვებზე ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ ვაქცინა მათ სხვა ინფექციებისაგანაც იცავს და მათ იმუნურ სისტემას, კერძოდ კი ლეიკოციტებს აძლიერებს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ მიკროორგანიზმებს ანტისხეულების ჩართვამდე ებრძვიან.

"ჩვენ ამას არ გავაკეთებდით, რომ არ ვფიქრობდეთ, რომ შესაძლოა იმოქმედოს. გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ იმუშავებს. ამის გაგება მხოლოდ კვლევის ჩატარებით შეიძლება. ჩვენ ყველა გზა უნდა განვიხილოთ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების დასაცავად." თქვა კურტისმა.

კვლევაში მონაწილეობას ჯანდაცვის სფეროს 4,000 წარმომადგენელი იღებს. მათ ნაწილს მხოლოდ სეზონური გრიპის აცრა ჩაუტარდება, ნაწილს კი ამასთან ერთად ტუბერკულიოზზე აცრაც. ისინი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აწარმოებენ და სამი თვის შემდეგ მოხდება იმის შეფასება, მუშაობს თუ არა მიდგომა. კვლევის საბოლოო შედეგის მიღებას 6 თვეში ვარაუდობენ. პარალელურად მსგავსი კვლევა ჩატარდება ნიდერლანდებშიც. ასევე განიხილება კვლევის დაწყება ავსტრალიის სხვა ქალაქებში და აშშ-ში, კერძოდ კი ბოსტონში.

BCG ვაქცინას ტუბერკულიოზის წინააღმდეგ თითქმის 100 წელია იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში, ისევე როგორც აზიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ვაქცინაციის უნივერსალური პროგრამა მოქმედებს. ყოველწლიურად მსოფლიოს გარშემო ამ ვაქცინით 130 მილიონ ახალშობილს უტარდება აცრა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ჟანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიის ინფორმაციის ცენტრის 2011 წლის მონაცემებით, ქვეყნებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, მათ შორის იტალიაში, აშშ-ში და ნიდერლანდებში, BCG ვაქცინაციის უნივერსალური პროგრამა არასდროს მოქმედებდა. დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და ასევე ავსტრალიაში მოქმედებდა რეკომენდაცია, თუმცა სხვადასხვა დროს შეჩერდა. ესპანეთმა და დანიამ უნივერსალური ვაქცინაციის პროგრამა 1981 და 1986 წლებში შეაჩერეს, ავსტრიამ და გერმანიამ 1990 და 1998 წლებში, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ფინეთმა და სლოვენიამ 2005-2007 წლებში. მიუხედავად ამისა, ვაქცინაცია კვლავ უტარდებათ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს.

A. ქვეყნები, სადაც BCG ვაქცინაციის უნივერსალური პროგრამა მოქმედებს B. ქვეყნები, სადაც პროგრამა მოქმედებდა, თუმცა შეჩერდა C. ქვეყნები, სადაც უნივერსალური პროგრამა არასოდეს ყოფილა
ფოტო: https://www.ncbi.nlm.nih.gov/
შედარებისათვის, ნორვეგიაში, სადაც პროგრამა მოქმედებს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4,284 არის, დაიღუპა 26 ადამიანი. მეზობელ შვედეთში, სადაც ვაქცინაციის უნივერსალური პროგრამა 1975 წელს შეჩერდა COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვი 3,700-ია, დაღუპულთა კი 110. ნიდერლანდებში კი, სადაც მსგავსი უნივერსალური პროგრამა არცერთ ეტაპზე არ მოქმედებდა, დაავადებულთა რიცხვი 10,866-ია, დაღუპულთა - 771.

თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ვაქცინაციის უნივერასლური პროგრამა მოქმედებს ჩინეთშიც, სადაც ვაქცინა ახალშობილებს უკეთდებათ. სწორედ ჩინეთში დაიწყო კორონავირუსის ეპიდემია და ჯამში 81,470 ადამიანი დაავადდა, ხოლო დაიღუპა 3,304.

კომენტარები