ქართველების მონაცემები ჰაკერულ ვებ-გვერდზე

ბოკერია: მონაცემების ჰაკერულ ვებ გვერდზე განთავსება ცუდი ამბავია და საყურადღებოა

ტაბულა

"გასაგებია, რომ ახლა მთელი საზოგადოების ყურადღება არის პანდემიაზე, მაგრამ ეს ამბავი იმსახურებს ყურადღებას, ეს არის ცუდი ამბავი," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართველი ამომრჩევლების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის ჰაკერულ საიტზე გამოქვეყნებას ეხმაურება.

ბოკერიას არ აქვს იმედის, რომ შსს ამ საქმეს გამოძებს, რადგან მისივე თქმით, ბევრი ფაქტი იყო, სადაც შსს-მ თქვა, რომ საქმეს გამოიძიებდა და შედეგი არ დადგა. 

"დიდი ხანია ცნობილია, რომ ამ მონაცემებით სარგებლობდა მმართველი გუნდი, ხოლო ოპონენტებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, ეს უკვე არანორმალური ვითარება იყო და ეს ფაქტი თუ დადასტურდა, ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ბევრი ადამიანის ხელშია, მეტია ალბათობა ყოველთვის ამის გაჟონვის, საჯაროდ," - ამბობს ბოკერია.

ქართველი ამომრჩევლების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, რომ ჰაკერულ საიტზე გამოქვეყნდა, ინფორმაცია დღეს უცხოურმა მედიამ გაავრცელა.

გამოქვეყნებული ბაზა 4,9 მილიონი ამომრჩევლის პირად მონაცემებს შეიცავს - მათ შორის მისამართს, პირად ნომერს, დაბადების თარიღსა და მობილური ტელეფონის ნომერს. ბაზის ნაწილს გარდაცვლილი მოქალაქეები შეადგენენ.

ინფორმაცია გამოცემა zdnet-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის გაჟონვა კომპანიამ Under the Breach აღმოაჩინა და zdnet-ს მიაწოდა. მონაცემთა ბაზა 4 934 863 ადამიანის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ინფორმაცია მათთვის ცნობილია და საკითხს სწავლობენ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიაში კი ტაბულას უთხრეს, რომ საქართველოს ამომრჩევლების შესახებ ჰაკერულ საიტზე განთავსებული ინფორმაცია მათი ბაზიდან არ არის. ცესკოს ინფორმაციით, ჰაკერულ საიტზე განტავსებული მონაცემები, არ ემთხვევა მათ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს.

კომენტარები