ნავთობის ბაზარი

რუსული ნავთობის ფასი ბოლო 21 წლის მინიმუმდე დაეცა

ყველაზე გავრცელებული რუსული წარმოების Urals-ის მარკის ნავთობის ფასი სასაქონლო ბირჟებზე 16,2 დოლარამდე შემცირდა, ბოლოს ესე ცოტა რუსული ნავთობი 1999 წელს ღირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნეს გამოცემა Argus media ავრცელებს.

21-ე საუკენეში რუსული ნავთობის ფასი ამ ნიშნულამდე არცერთხელ არ დავარდნილა. გასული კვირის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში  ბარელი რუსული ნავთობი 5 დოლარით გაიაფდა. 

უნდა ითქვას, რომ ეს ფასი სხვა ყველაფერთან ერთად პროდუქციის შემკვეთამდე ტრანსპორტირებასაც მოიცავს, ამის გამოკლებით რუსული ნავთობის ფასი 14 დოლარს არ აღემატება. 

ნავთობის ფასების შემცირება თავდაპირველად ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე მთელ მსოფლიოში შემცირებულ მოთხოვნას მოყვა. ფასების ვარდნამ უფრო მკვეთრი და მასშტაბური ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც 6 მარტს რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის 2016 წლის შეთანხმება ჩაიშალა. 

მხარეები ნავთობის მოპოვების შემდგომ შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც ავტომატურად მანამდე არსებული შეთანხმების ჩამოშლა მოყვა. შეთანხმების ჩაშლის შემდეგ საუდის არაბეთმა მოპოვების რეკორდულად ზრდის გეგმის შესახებ განაცხადა. უკვე პირველი აპრილიდან საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას დღეში 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის. 

მოპოვების ტემპების გაზრდას გეგმავენ რუსეთშიც, საუბარია დღეში, დაახლოებით 300 ათას ბარელზე.

უფრო მეტი ნავთობის ბაზარზე განვითარებული მოვლენების შესახებ გაიგეთ აქ

კომენტარები