კორონავირუსი

ცნობები ფრონტის ხაზიდან - ირინა ბაგაურის ინტერვიუ ლომბარდიელ რეანიმატოლოგთან

დღეისთვის მსოფლიოს ყურადღება იტალიისკენაა მიმართული, რომელიც ამ დროისთვის Covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩამორჩება და რომელსაც ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს. ვირუსმა განსაკუთრებით ლომბარდიის რეგიონი დააზარალა, სადაც დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ლომბარდიის საავადმყოფებში არსებული მდგომარეობის შესახებ ტაბულა იტალიელ რეანიმატოლოგსა და ეპიდემიოლოგს - ჩეჩილიას ესაუბრა, რომელსაც კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებთან მუშაობა ჩრდილოეთ იტალიის ორ ცხელ წერტილში - ბერგამოსა და მონცას საავადმყოფოებს შორის უწევს. (იტალიაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მედპერსონალისთვის გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, ამიტომ მისივე თხოვნით, მხოლოდ სახელით მოვიხსენიებთ).

ყოველდღიურად ვიღებთ შემაშფოთებელ სტატისტიკას იტალიიდან. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ლომბარდიაში. რა ვითარებაა დღეს რეგიონში და საავადმყოფოში, რომელშიც ამჟამად მუშაობთ?

მდგომარეობა რთულია. პაციენტების ის რაოდენობა, რომელიც რეგიონში ასე მოკლე დროში მივიღეთ, ნორმას ბევრად სცილდება. თუმცა, შევძელით და ვახერხებთ, რომ წნეხს გავუძლოთ, როგორც საავადმყოფომ, ისე რეგიონმა: ვაფართოებთ და ვამატებთ ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციულ განყოფილებებს, რომელიც ექსკლუზიურად კოვიდ 19-ით დაავადებული პაციენტებისთვის იხსნება. თითქმის გავაორმაგეთ საწოლების რაოდენობა რეანიმაციაში. ამ ურთულეს მდგომარეობასთან გამკლავებაში ბოლო დროს განსაკუთრებით გვეხმარება სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები: გადაადგილების, თავყრილობების შეზღუდვა, - რაც თანდათან შედეგს გვაძლევს და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო დღეებში უკეთეს სურათს დავინახავთ.

შეგიძლიათ, მოკლედ აღგვიწეროთ მკურნალობის ის ფაზები, რომელსაც თქვენთან კოვიდ-19-ის დიაგნოზით მოხვედრილი პაციენტები გადიან?

სინამდვილეში, ვირუსთან ბრძოლის საშუალებები ნელ-ნელა ვითარდება და თანდათან მივდივართ ახალ აღმოჩენებთან, რადგან ეს ახალი დაავადებაა. თუმცა, ინტენსიური მკურნალობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ჟანგბადის მიწოდება და ამაში არ იგულისხმება მხოლოდ ჟანგბადოთერაპია: გვიწევს არაინვაზიური ვენტილაციის აპარატის გამოყენება (ე.წ. CPAP ჩაფხუტი), რასაც საგრძნობლად მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს. მთელი ამ დროის განმავლობაში, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჟანგბადის მიწოდების ხარისხი უფრო ეფექტურია, თუ პაციენტებს გულდაღმა მდგომარეობაში დავაწვენთ. ამიტომ გონზე მყოფებსაც და მათაც, ვისი მდგომარეობაც მძიმეა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დღეში რამდენიმე რამდენიმე საათის განმავლობაში პირქვე ვაბრუნებთ, რაც მათ უადვილებს ჟანგბადის მიმოცვლას. ამას ემატება მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც თანდათან ვითარდება: ყოველდღე ახალი აღმოჩენები გვაქვს. ვიყენებთ ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს, ძირითადად ჰიდროქსიქლოროქინს და პნევმონიის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ საშუალებებს, რომელიც ნელ-ნელა მკვიდრდება. თუმცა, თუკი როგორც რეანიმატოლოგს მეკითხებით, ცალსახად გიპასუხებთ, რომ მთავარი ჩვენს განყოფილებაში ჟანგბადის მიწოდება და პაციენტების პირქვე მდგომარეობაში მოთავსებაა. ეს კლინიკურ სურათს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და გართულებების რისკს ამცირებს.

ექსპერიმენტული თერაპია ახსენეთ: არაერთ პრეპარატს შეჰყურებენ იმედის თვალით, მათ შორის განსაკუთრებით ხშირად ისმის საუბარი „რემდესივირზე“. თქვენთან თუ იყენებთ ამ მედიკამენტს და რამდენად შედეგისმომცემია, თქვენი გამოცდილებით?

დიახ, რემდესივირს პროტოკოლის თანახმად ვიყენებთ დაავადების საწყის ფაზებში, იმ პაციენტებთან, რომელთა ტესტიც კოვიდ-19 ზე პოზიტიური აღმოჩნდა. ეს მედიკამენტი, წინა პრეპარატებთან შედარებით, ნაკლებ გვერდითა ეფექტს იწვევს. რადგან რეანიმატოლოგი ვარ, მე არ ვაწარმოებ სტატისტიკას. თუმცა, მონაცემთა შეგროვება ხდება და იმის თქმა შემიძლია, რომ გვყავს პაციენტები, რომლებიც მოცემული პრეპარტატის მიღების შემთხვევაში უკეთ ხდებიან და ასევე ისინიც, ვისი პნევმონიური მდგომარობაც უარესდება. პრეპარატის ეფექტურობაზე მეტის თქმა არ შემიძლია.

დღეს ხშირად გვესმის საუბარი, რომ ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე მსოფლიოში დგას სამედიცინო მასალებისა თუ აღჭურვილობის დეფიციტის პრობლემა. თქვენ რამდენად აღჭურვილები ხართ მოცემულ მომენტში?

ჩვენ საკმაოდ აღჭურვილები ვართ. თუმცაღა ცხადია, რომ პანდემიის მდგომაროებაში, ძალიან ვუფრთხილდებით რესურსს და ვცდილობთ, საჭიროების გარეშე, არაფერი გამოვიყენოთ. ამიტომ თითოეულ სამედიცინო პროცედურისთვის დიფერენცირებულ აღჭურვილობას ვიყენებთ. მაგალითად. განსაკუთრებით ინვაზიური მანევრებისას, როგორიცაა ინტუბაცია, სადაც კონტამინაციის რისკი მაღალია, როგორც რეანიმატორები, ისე ექთნები, კონკრეტული პროცედურების დროს უკვე გამოყენებულ კომბინიზონებს ვიცვამთ, რათა ზედმეტი ხარჯები ავირიდოთ თავიდან. კომბინიზონთან ერთად, ბუნებრივია, ვხმარობთ დამცავ ნიღაბს (ffp3).

ასევე, მსოფლიო მასშტაბით დიდი მითქმა-მოთქმაა კოვიდ-19-ის ტესტებზეც. თავად ექიმები რამდენად ხშირად მოწმდებით კორონავირუსზე?

ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ სანამ მონცას საავადმყოფოს დავუბრუნდებოდი, სადაც ბოლო ორი კვირაა ვმუშაობ, ტესტი ჩამიტარდა, რადგან ბერგამოს საავადმყოფოდან გადმოვდიოდი - მიუხედავად იმისა, რომ ასიმპტომატური ვიყავი. ორშაბათიდან ძალაში შედის პროტოკოლი, რომლის თანახმადაც საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი რეგულარულად უნდა შემოწმდეს ტემპერატურაზე. თუკი რომელიმე ჩვენგანის სიცხე 37.5-ს ასცდება, ჰოსპიტალი უნდა დავტოვოთ და ტესტი ჩავიტაროთ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ გვქონდა ექიმების დაავადების შემთხვევები. ისეთებიც იყვნენ, ვინც მაღალი ტემპერატურის გამო კარანტინში გადასულა და 14 დღის შემდეგ, ვირუსზე ნეგატიური პასუხით სამსახურში დაბრუნებულა.

იტალიელმა ექიმებმა დღევანდელი ვითარება ომის მდგომარეობას შეადარეს და აღნიშნეს, რომ პაციენტების სიმრავლიდან გამომდინარე, მათ ავადმყოფების გადარჩევა მოუწევდათ, როგორც ეს ფრონტის ხაზზე ხდება. ამ მხრივ რა ვითარებაში ხართ და თუ მართლაც ასეა, რა კრიტერიუმებით ხდება შერჩევა?

არა, არ გვაქვს გადარჩევის ის კრიტერიუმები, რომლებსაც ომის დროს მიმართავენ. გვაქვს რესურსი, რომელიც სწორად უნდა გადანაწილდეს, ბუნებრივია. მაგრამ ჩვენთან არც ერთი პაციენტი არ არის მიტოვებული. ყველა შემოსულს უტარდება სათანადო მკურნალობა, ამავე დროს, სამედიცინო პერსონალის პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით, მაღალი რისკის შემთხვევაში, თავიდან ვირიდებთ შეუსაბამოდ გადაჭარბებულ თერაპიას. ყოველ ჯერზე ჩვენ ვაფასებთ პაციენტის მდგომარეობას და შემდეგ ვზრუნავთ მის ჯანმრთელობაზე, ნებისმიერ შემთხვევაში.

გამოდის, ჟანგბადიც ყველასთვის გაქვთ?

ჟანგბადი ყველასთვის გვაქვს. ბერგამოს საავადმყოფოშიც კი, სადაც მდგომარეობა ბევრად დრამატულია, ავადმყოფთა რაოდენობის გამო, სწორედ იმიტომ, რომ ყოველი შემოსული პაციენტის საჭიროება დაეკმაყოფილებინათ, ორი დღის განმავლობაში, ჩვენთვის აქამდე გაუგონარი რაოდენობის ჟანგბადი მოიმარაგეს. ეს მოხდა დაუყოვნებლივ და ძალიან მოკლე დროში.

რეანიმატოლოგებს მუდმივად მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან გაქვთ შეხება. რითი განსხვავდება დღევანდელი სურათი იმ ვითარებისგან, რომელშიც აქამდე გიწევდათ პროფესიული საქმიანობის შესრულება?

განსხვავდება რაოდენობა. ჩვენ შეჩვეულები ვართ ისეთ პაციენტებთან მუშაობას, რომლებიც საშუალო და მაღალი ხარისხის სასიცოცხლო რისკის წინაშე დგანან. დღეს მათი რიცხვი ძალიან დიდია. ჩვეულებრივ ვმუშაობთ ადამიანებთან, რომლებიც განყოფილებაში გადმოჰყავთ ტრავმის, მიოკარდიული ინფარქტის გამო, ნევროლოგიური პათოლოგიით, მძიმე ინფექციით... ამ შემთხვევაში გვაქვს განყოფილებები, ექსკლუზიურად ინტერსტიციული პნევმონიის შემთხვევებისთვის. ასევე ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელსაც გვიწევს, რომ შევეგუოთ, პაციენტების ახლობლებთან ურთიერთობის შეუძლებლობაა: ჩვენ დავკარგეთ ვიზუალური კონტაქტი მათ ნათესავებთან, რომლებიც ვერ ახერხებენ საყვარელ ადამიანებთან ახლოს ყოფნას, ვერ ახერხებენ ჩვენს გაცნობას. მათთან მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობა გვაქვს.

შესაბამისად, ემოციურად ყველაზე რთული სწორედ ადამიანური ურთიერთობების შეზღუდვაა?

ნამდვილად. ჩვენ, როგორც წესი, ვითავსებთ შუამავლის როლს პაციენტსა და მის ახლობელს შორის: განსაკუთრებით, ბუნებრივია, იმ დროს, როდესაც პაციენტი კონტაქტურია. ვცდილობთ, ორივე მათგანი ვანუგეშოთ და ავადმყოფამდე ის სითბო მივიტანოთ, რომელიც მისი ნათესავებისგან მივიღეთ. დღეს კი ამ მხრივ რთული ვითარებაა როგორც მათთვის, ისე ექიმებისთვის. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ტელეფონით მიწევს პაციენტების ახლობლებთან საუბარი, უდიდეს დიდ თანადგომას ვგრძნობ, თითოეული მათგანი უაღრესად გაგებით ეკიდება ამ დისტანცირებას. ეს მოცემული მდგომარეობის ძალიან შვებისმომგვრელი და დადებითი მხარეა.

დედათქვენის მდგომარეობის შესახებ გკითხავთ: როგორც ვიცი, ისიც რეანიმაციაშია მოთავსებული

როდესაც პაციენტების ახლობლებზე ვლაპარაკობ, საკუთარ თავზეც ვლაპარაკობ და საკუთარ თავზე განვიცდი იმავე მდგომარეობას, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ცოტა უკეთაა და მის მიერ გასავლელი გზაც გრძელი იქნება, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის. თუმცა, იმედს არ ვკარგავ, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდება.

ექიმებს დღეს ყველა ერთხმად გაღიარებთ ჩვენი დროის გმირებად. გმირ ქალებზე ფიქრისას, პირველ რიგში სამანტა კრისტოფორეტი გამახსენდა, იტალიელი რეკორდსმენი კოსმონავტი, რომელსაც პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებლად დავუსვამდი კითხვას კვების შესახებ. ამიტომ, თქვენც უნდა გკითხოთ იგივე: როგორ იკვებებით და როგორ პოულობთ ენერგიას ამ რთულ დღეებში?

ამ მძიმე ყოფაში, რომელიც ჩემთვის საავადმყოფოს არ სცილდება, საბედნიეროდ, სხვა რეალობებსაც ვხედავთ - უდიდეს სოლიდარობას მოსახლეობის მხრიდან: ჩვენთვის ყოველდღიურად მოაქვთ საკვები იმ რესტორნებიდან, რომლებიც ამჟამად დაკეტილია, სახლებიდან, ასოციაციებიდან. ამიტომ კვება კარგი გამოგვდის. ეს თანადგომის იმხელა ჟესტია, რომ მიუხედავად ვითარების სიმძიმისა და ფიზიკური დისტანცირებისა, ჩვენ დღეს ბევრად ახლოს ვართ ერთმანეთთან. გმირობას რაც შეეხება, ნებას მივცემ საკუთარ თავს ვთქვა, რომ ჩვენ უბრალოდ პროფესიონალები ვართ. პროფესიონალები, რომლებმაც ისწავლეს იმისთვის, რომ შეესრულებინათ ის სამუშაო, რომელიც ნამდვილად განსხვავდება დანარჩენების საქმიანობისგან. მაგრამ ამასთან, ჩვენ რიგითი ადამიანები ვართ. მოცემულ ვითარებაში ჩვენ უფრო სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ, ვიდრე რიგითი ადამიანები და გვმართებს, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ იმ საქმეში, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის. ჩვენ ჩვენს საქმეს ვასრულებთ და ამიტომ, ყველა დანარჩენთან ჩემი მესიჯია, რომ მოცემულ ვითარებაში, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა გაითავისოს და კეთილსინდისიერად შეასრულოს. რადგან პანდემიასთან ბრძოლა გუნდური უნდა იყოს: ესაა თანამშრომლობა ექიმსა და პაციენტს შორის, სამედიცინო პერსონალს, რომელიც პირველ ხაზზე იბრძვის და მოსახლეობას შორის, რომლებიც ჩვენ გვეხმარება წესების დაცვით: სახლში დარჩენით, სრული იზოლირებით და გარეთ არგასვლით. მხოლოდ ასე გავიმარჯვებთ.

ბოლოს პროგნოზების შესახებ გკითხავთ. ასევე, გვაქვს თუ არა იმედის საფუძველი მოცემულ მდგომარეობაში?

პროგნოზები, როგორც ეპიდემიოლოგმა არ ვიცი. მაგრამ მჯერა, რომ მოსახლეობის იზოლირება დაგვეხმარება. ასე თუ გაგრძელდება, დროსთან ერთად მოვახერხებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნებას. ხოლო რაც შეეხება იმედს: იმედი ნამდვილად მაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ დავეხსნათ თავს დატეხილ უბედურებას და ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ: მხოლოდ, არა ისეთები, როგორებიც შევედით, არამედ ბევრად უკეთესები.

კომენტარები