კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ყველა დაწესებულებას, რომელიც აგრძელებს მუშაობას, ექნება სპეციალური საშვი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას, ექნება სპეციალური საშვი, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს

როგორც გახარიამ აღნიშნა, შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად შექმნილია მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საგანგებო შტაბი.

"ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - რა თქმა უნდა, მედია თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, იქნება ეს ბანკი, თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უდიდესი და უპირველესი ღირებულება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, ამ ვირუსის და ინფექციის პირობებში, არ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანებთან, იმ მოქალაქეებთან, რომლებთანაც კომუნიკაციაში შევდივართ. სპეციალური საკოორდინაციო შტაბი შექმნილია ამისთვის, იქნება სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც მედიასაც ექნება მუშაობის საშუალება, პურის ქარხნებსაც, დისტრიბუციის ქსელებსაც, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებს და სააფთიაქო ქსელებსაც,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ბრიფინგზე გახარიამ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა და ე.წ კომენდანტის საათი დააწესა საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. 

ამ დრომდე, 21 მარტიდან ქვეყანაში მხოლოდ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო. 

30 მარტის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 98 ადამიანს აქვს დაუდასტურდა, საიდანაც 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში 4 978 ადამიანი იმყოფება. 

კომენტარები