ნავთობის ბაზარი

ნავთობის ფასები ბოლო 18 წლის მინიმუმამდე დაეცა

Reuters

საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობზე ფასები 22 დოლარამდე დაეცა, ეს 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კიდევ უფრო გაიაფდა WTI-ის მარკის ნავთობი და ფასმა 19 დოლარი შეადგინა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბოლო 21 წლის მინიმუმამდე დაეცა ყველაზე მოთხოვნადი რუსული ნავთობის - URALS-ის ფასი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნავთობის ფასები იმდენად დაბალია, რომ მწარმოებლებისთვის მოპოვების გაგრძელება წამგებიანი იქნება. წარმოების დროებით შეჩერება, ან, შემცირება განსაკუთრებით იმ ქვეყნებშია მოსალოდნელი, სადაც მოპოვების თვითღირებულება ისედაც მაღალია. 

ნავთობის ფასების შემცირება თავდაპირველად ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე მთელ მსოფლიოში შემცირებულ მოთხოვნას მოყვა. ფასების ვარდნამ უფრო მკვეთრი და მასშტაბური ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც 6 მარტს რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის 2016 წლის შეთანხმება ჩაიშალა. 

მხარეები ნავთობის მოპოვების შემდგომ შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც ავტომატურად მანამდე არსებული შეთანხმების ჩამოშლა მოყვა. შეთანხმების ჩაშლის შემდეგ საუდის არაბეთმა მოპოვების რეკორდულად ზრდის გეგმის შესახებ განაცხადა. უკვე პირველი აპრილიდან საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას დღეში 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის. 

მოპოვების ტემპების გაზრდას გეგმავენ რუსეთშიც, საუბარია დღეში, დაახლოებით 300 ათას ბარელზე.

კომენტარები