კორონავირუსი აშშ-ში

დონალდ ტრამპი: აშშ კორონავირუსის პიკს კარგ ფორმაში შეხვდება

დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანა კორონავირუსის პიკს "ძალიან კარგ ფორმაში" შეხვდება და საჭირო რაოდენობის სასუნთქი აპარატები ექნება მომზადებული.

ტრამპმა თქვა, რომ სამედიცინო აპარატების დამზადება სულ მცირე 10 ამერიკულ კომპანიას დაევალა და მათი ნაწილი შესაძლოა ექსპორტზეც გაიტანონ. ამ კომპანიებს შორის არის General Motors-იც.

"ჩვენ ახლა სულ მცირე 10 კომპანია გვყავს, რომლებიც სასუნთქ აპარატებს ამზადებენ და ჩვენ ვეუბნებით, რომ გააგრძელონ, რადგან, სიმართლე რომ ითქვას, სხვა ქვეყნები ამას ვერასოდეს შეძლებენ." თქვა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ტრამპმა თქვა, რომ კორონავირუსზე ტესტი მილიონზე მეტ ამერიკელს ჩაუტარდა. "უფრო მეტს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ახლოსაც კი არ არიან." თქვა მან.

მან ასევე თქვა, რომ მომდევნო 30 დღე რთული იქნება, თუმცა სოციალური დისტანცირების დაცვით მილიონობით ამერიკელის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდება.

CNN-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ხდებოდა წარსულში ვირუსის საფრთხის დაკნინება ტრამპმა თქვა:

"არ მსურს პანიკის გამოწვევა ქვეყანაში. თქვენზე უკეთ შემიძლია პანიკის გამოწვევა."

მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკა მისთვის მეორე ადგილზეა და პრიორიტეტს მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა წარმოადგენს.

ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. უკანასკნელი მონაცემებით ვირუსი სულ 164,266 ადამიანს გამოუვლინდა, დაიღუპა 3,170, გამოჯანმრთელდა 5,507.

ტრამპმა კორონავირუსის გამო შემოღებული ფედერალური დირექტივები მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. 

მან თქვა, რომ სოციალური დისტანცირების დირექტივის გახანგრძლივება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გაიგო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში 2.2 მილიონამდე ადამიანი დაიღუპებოდა. ეს რიცხვი მოყვანილია ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მიერ 16 მარტს გამოქვეყნებულ კვლევაში.

ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში ვირუსისაგან გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი პიკს სავარაუდოდ 2 კვირაში მიაღწევდა. სამედიცინო საკითხებში თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა ანტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ვირუსმა შესაძლოა 200,000-მდე ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლოს, ჯამში კი ქვეყანაში მილიონობით ადამიანი დაავადდეს.

მანამდე ტრამპმა გამოთქვა სურვილი, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულამდე (10-13 აპრილი) მოხსნილიყო და მოსახლეობას საშუალება მისცემოდა ეკლესიებში შეკრებილიყვნენ.

კომენტარები