პრემიერის და პატრიარქის შეხვედრა

პრემიერი გიორგი გახარია ილია მეორეს შეხვდა

0 კომენტარი
ფოტო არქივიდან - გიორგი გახარია და ილია მეორე

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. 

შეხვედრა გუშინ, 30 მარტს საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ საპატრიარქოში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა. 

გიორგი გახარიამ გუშინდელ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობა ეკლესიასთან კომპრომისს იპოვის.

დღეიდან 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი არის გამოცხადებული, იკრძალება სამზე მეტი ადამიანი შეკრება, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

აქამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და 10 კაცზე მეტის შეკრება იყო აკრძალული. 

მიუხედავად აკრძალვებისა და კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტებისა, ეკლესიები წირვა-ლოცვის ჩატარებასა და ერთი კოვზით ზიარებას ამ დრომდე აგრძელებდნენ. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს.

25 მარტს საპატრიარქომ ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, "უარს ამბობს მაცხოვარზე." საპატრიარქოს განცხადების მიხედვითვე, მათ, ვინც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, მოძღვარი სახლში აზიარებს. 

ზოგიერთ ტაძარში დისტანციის დასაცავად ადგილები სტიკერებით მონიშნეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები