გერმანიამ შესაძლოა, დღეში 200 ათასი ადამიანის გატესტვა დაიწყოს

გერმანული გაზეთის, Süddeutsche Zeitung-ისა და რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლების თანახმად, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ისეთ სტრატეგიას, რომელიც მასობრივ ტესტირებაზე იქნება ორიენტირებული.

მაგალითი სამხრეთ კორეიდანაა აღებული, სადაც მასობრივმა ტესტირებამ და დაავადებულებისა თუ მათი კონტაქტების იზოლაციამ ქვეყანას საშუალება მისცა, კრიზისს მკაცრი ზომების გარეშე გამკლავებოდა.

სამთავრობო დოკუმენტში, სახელად "როგორ დავიმორჩილოთ Covid-19", საუბარია იმაზე, რომ უნდა გაიტესტოს როგორც ის ადამიანი, ვისზეც ეჭვია, რომ ვირუსს ატარებს, ისევე მისი საკონტაქტო წრე. შემდეგ კი ყველას, ვისაც ვირუსი დაუდასტურდება, სახლში ან საკარანტინო სივრცეში მოუწევს იზოლაცია.

ამისათვის საჭირო იქნება, ქვეყნის ტესტების მარაგი მნიშნველოვნად გაიზარდოს. ამჟამად, გერმანიას კვირაში 300-დან 500 ათასამდე ტესტის ჩატარება შეუძლია. ახალი სტრატეგია კი საჭიროებს, 6 აპრილისთვის დღეში 50 ათასი, 13 აპრილისთვის 100 ათასი, ხოლო აპრილის ბოლოსთვის დღეში 200 ათასამდე ტესტი ჩატარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში იმაზე არაფერია ნათქვამი, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ტესტების მარაგი ან რა სახის ტესტები უნდა ჩატარდეს.

ამ ეტაპისთვის მასობრივი ტესტირების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებენ ექსპერტებიც. გერმანიის ლაბორატორიულ ექიმთა გაერთიანების თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საყოველთაო ტესტირება ამჟამად "ილუზორულია"და ტესტები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, როცა ამის "სამედიცინო პრიორიტეტი" არსებობს.

გერმანიაში ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსის 67 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 13 500 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 650 კი გარდაიცვალა.

კომენტარები