თურქმენეთი

თურქმენეთში სიტყვა "კორონავირუსი" აკრძალეს

rsf.org

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე წერს, რომ თურქმენეთში სიტყვა კორონავირუსი აკრძალეს. 

ერთ-ერთი არასამთავრობო მედიის, თურქმენეთის ქრონიკების ცნობით, სახელმწიფო მედიასაშუალებებს აღარ აქვთ უფლება, გამოიყენონ სიტყვა "კორონავირუსი". სიტყვა ასევე ამოიღეს ბროშურებიდან, რომლებიც სკოლებში, საავადმყოფოებსა და სამუშაო ადგილებში დაარიგეს. 

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მოქმედი ჟურნალისტების თქმით, პოლიციამ შეიძლება მოულოდნელად დააკავოს ადამიანი, რომელსაც შავი პირბადე უკეთია ან ადამიანი, რომელიც ქუჩაში კორონავირუსის შესახებ საუბრობს. 

”ამ ინფორმაციის უარყოფა არამარტო საფრთხეს უქმნის თურქმენეთის მოქალაქეებს, არამედ აძლიერებს იმ ავტორიტარიზმს, რომელიც პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმხამედოვის მიერ დაწესდა. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირება მოახდინოს და მითითება მისცეს მათ ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევისთვის," - თქვა RSF- ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მაგიდის ხელმძღვანელმა ჟან კაველიერმა.

თურქმენეთის მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით, მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. ხელისუფლების ცნობით, თურქმენეთში Covid 19 ჯერ არ დაფიქსირებულა. პრეზიდენტმა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მფარველი მამა“, პრევენციის მიზნით საზოგადოებრივ ადგილებში ტრადიციული მცენარის "ჰარმალას" დარგვის ბრძანება გასცა.

პრესის თავისუფლების ინდექსში 2019 წელს თურქმენეთმა ბოლო ადგილი დაიკავა და ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ ქვეყნად მიიჩნევა. ხელისუფლება ყველა მედიასაშუალებას აკონტროლებს და დევნის მათ, ვინც ტოტალური კონტროლის შესახებ ხმამაღლა საუბრობს. მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა კი მხოლოდ რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია, ჩვეულებრივ, კაფეებში, სადაც მათ უნდა წარადგინონ პირადობის იდენთიპიკაციის მოწმობა.

კომენტარები