CNN-ის წამყვანი: კორონავირუსი დამიდასტურდა, თავს კარგად ვგრძნობ, გადაცემას სახლიდან წავიყვან

CNN.COM

CNN-ის წამყვანს კრის კუომოს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა Twitter-ის გვერდზე, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს და თავის გადაცემას, რომელიც ეთერში საღამოს 21:00 საათზე გადის, სახლიდან წაიყვანს. 

"ბოლო დღეებში კონტაქტი მქონდა იმ ადამიანებთან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ და მქონდა სიცხე, ციება და სუნთქვის გაძნელება. იმედი მაქვს, რომ შვილებსა და კრისტინას არ გადავდე. ეს უფრო ცუდად მაგრძნობინებდა თავს, ვიდრე თავად ვირუსი," - დაწერა კუომომ. 

კუომო ბოლოს CNN-ის ნიუ-იორკის ოფისში გასულ პარასკევს იყო. ორშაბათს, 30 მარტს მან გადაცემა თავისი სახლიდან წაიყვანა, სადაც ინტერვიუ ძმასთან, ნიუ-იორკის გუბერნატორ ენდრიუ კუომოსთან ჰქონდა. 

კუომოს თქმით, ის გადაცემას თავისი სარდაფიდან წაიყვანს, სადაც ოჯახისგან თვითიზოლაციაში იმყოფება. 

ეს CNN-ის ნიუ-იორკის ოფისში ახალი კორონავირუსის დადასტურების მესამე შემთხვევაა. ტელევიზიაში დასაქმებულებმა კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მარტის შუა რიცხვებში მიიღეს. 

პანდემიასთან დაკავშირებით CNN-მა სხვა მედიების მსგავსად ახალი წესები შეიმუშავა. მედიის ცნობით, კომპანიაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი უკვე რამდენიმე კვირაა სახლიდან მუშაობს, წამყვანებს კი გადაცემები პატარა სტუდიებიდან ან სახლიდან მიჰყავთ. 

აშშ-ში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 174 750 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 3 402 ადამიანი გარდაიცვალა, 6 215 კი - გამოჯანმრთელდა. აშშ-ის მასშტაბით ახალი კორონავირუსი ყველაზე გავრცელებული ნიუ-იორკის შტატშია, სადაც 75 795 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 150 ადამიანი გარდაიცვალა. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების მიხედვით, აშშ პირველ ადგილზეა. 

კომენტარები