ჩინეთი ასიმპტომურ პაციენტებს საერთო შემთხვევათა სტატისტიკაში არ აღრიცხავდა

ჩინეთი ასიმპტომურ პაციენტებს საერთო შემთხვევათა სტატისტიკაში არ აღრიცხავდა. საუბარია Covid-19-ით ინფიცირებულ 1,500 მოქალაქეზე, რომლებსაც დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი შემთხვევები ხელისუფლების მიერ წარმოებულ სტატისტიკაში არ ისახებოდა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისიის წარმომადგენელმა ჩან ცზილემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

ჩინოვნიკის თქმით, ასიმპტომურ პაციენტებს ჩინეთის ხელისუფლება საერთო შემთხვევების სტატისტიკაში პირველი აპრილიდან ასახავს. როგორც ცნობილია, ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისია საავადმყოფოებს ასეთი პაციენტების ორკვირიან კარანტინში გაგზავნას ავალდებულებს, თუმცა, უცნობია, როგორ სრულდება ეს დადგენილება. 

მეცნიერების აზრი ასიმპტომური პაციენტების შესახებ ორად არის გაყოფილი. ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, შესაძლოა თუ არა ასიმპტომური პაციენტები გახდნენ სხვა ადამიანების ინფიცირების წყარო. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის ჩინეთში Covid-19-ის 82,276 შემთხვევაა გამოვლენილი. ამავე მონაცემებით, გარდაცვლილია 3,309 პაციენტი. ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, მარტში ინფიცირების ახალი შემთხვევები მკვეთრად შემცირდა. 

მეტიც, რამდენიმე დღის ჩინეთის ხელისუფლებამ პანდემიის შეჩერების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, თუმცა მონაცემთა სანდოობის მიმართულებით მრავალი კითხვა არსებობს. ამასთან ერთად ჩინეთმა თებერვალში დაწესებული მკაცრი ზომების შერბილება დაიწყო, რაც დაავადების ხელახალი აფეთქების რისკს ქმნის.

კომენტარები