წმიდა ცეცხლის რიტუალი

წმიდა ცეცხლის რიტუალი ლიმიტირებულ ფორმატში, ერისკაცთა გარეშე ჩატარდება - Jerusalem Post

REUTERS

აღდგომის წინადღეს, 18 აპრილს, დიდ შაბათს სავარაუდოდ წმიდა ცეცხლის რიტუალი ერისკაცთა გარეშე ჩატარდება და მას მაცხოვრის აღდგომის ტაძარში სხვადასხვა კონფესიის 10-15 წარმომადგენელი დაესწრება - წერს Jerusalem Post ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მომლოცველები რიტუალზე დასწრებას ვერ შეძლებენ, სარიტუალო ცეცხლს სპეციალური რეისებით ჩაიტანენ მართლმადიდებლური უმრავლესობით დასახლებულ ზოგიერთ ქვეყანაში. 

"ცერემონიის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ შემუშავებულა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ მას შესაძლოა განუსაზღვროს მეტი შეზღუდვა, მაგრამ უკვე ორგანიზებულია რეისები რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში", - უთხრა წყარომ გამოცემას.

რიტუალი, რომელიც რამდენიმე საუკუნეა სრულდება, მაცხოვრის აღდგომას ეძღვნება და ტრადიციისამებრ ქრისტეს საფლავის ეკლესიაში იმართება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი კუვუკლიაში შედის და იქიდან ალმოდებული სანთლებით გამოდის. მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილი ამ ცეცხლს ზებუნებრივი წარმოშობისად მიიჩნევს, თუმცა ასეთ სასწაულს არც ამავე ეკლესიის მსოფლიო საეკლესიო კრებების დოგმატები და არც საეკლესიო კანონები არ ცნობენ. მის შესახებ არ უმსჯელია არც 2016 წელს შემდგარ კრეტის კრებას.

2001 წელს, იერუსალიმის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, პეტრას მიტროპოლიტმა კორნელიუსმა, ბერძნული ტელეკომპანია MEGA-ს ეთერში, გადაცემაში Grizes Zones განაცხადა, რომ "საქმე ეხება ბუნებრივ ცეცხლს, მაგრამ ლოცვები, რომელსაც კითხულობს პატრიარქი ან სხვა, მისი შემცვლელი მღვდელმთავარი, აკურთხებენ ამ წმიდა ცეცხლს, რის შემდეგაც მას აქვს წმიდა ცეცხლის მადლი. ეს არის ბუნებრივი ცეცხლი, რომელსაც ვანთებთ ჩაუქრობელი კანდლიდან, რომელიც ინახება აღდგომის ტაძარში. მაგრამ ლოცვებს შეუძლიათ აკურთხონ ბუნებრივი ცეცხლი და ის ხდება ზებუნებრივი ცეცხლი. სასწაული - ეპიკლეზაშია (სულიწმიდის მოხმობაში), მღვდელმთავრის ლოცვაში, მისით იკურთხება ეს ცეცხლი", - თქვა მღვდელმთავარმა, რომელმაც 2001 წლის 15 აპრილს თავად აღასრულა დიდი შაბათის ცეცხლის კურთხევის წესი.

იმავეს ამბობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. სომეხი იერარქების განცხადებით, პატრიარქისა და სომეხი იერარქის კუვუკლიაში შესვლისას, ორი კანდელი ანთია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2016 წელს, სამების საკათედრო ტაძარში, წმიდა გრიგოლ პალამას ხსენების დღეს განაცხადა, რომ იერუსალიმში "გადმოსული ცეცხლი" ის ნათელია, რომელიც თან ახლავს ღმერთს.

წინასააღდგომოდ, ცეცხლის კურთხევის ტრადიციას არაერთი ქრისტიანული ეკლესია მისდევს, რასაც დღესასწაულთან დაკავშირებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები