აშშ-ვენესუელა

აშშ ვენესუელას გარდამავალი მთავრობის და სანქციების მოხსნის გეგმას სთავაზობს

დონალდ ტრამპი და ხუან გუაიდო
Getty Images

აშშ ვენესუელას სანქციების შემცირების გეგმას სთავაზობს, რომელიც მიხედვითაც ოპოზიცია და მადუროს პარტია ძალაუფლების გადანაწილებაზე უნდა შეთანხმდნენ.

აშშ-ის მიერ შეთავაზებული გეგმის მიხედვით ნიკოლას მადურო განზე უნდა გადგეს და ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალი საბჭო მართავს, რომელიც ოპოზიციის და მმართველი სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდება. გარდამავალ საბჭოში, მადუროს მსგავსად, ვერ იქნება ეროვნული ასამბლეის სპიკერი ხუან გუაიდოც. გეგმის მიხედვით არჩევნები მომდევნო ერთ წელში უნდა ჩატარდეს.

ასევე, ვენესუელა უნდა დატოვონ უცხო ქვეყნების, რუსეთისა და კუბის სამხედრო ძალებმა.

გეგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ წარადგინა. მანამდე მსგავსი შეთავაზება გააჟღერა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელიც ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად აშშ-მა და კიდევ 50-ზე მეტმა ქვეყანამ ცნო. გუაიდოს თქმით გარდამავალი მთავრობა აუცილებელია, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდი მადუროს მთავრობის ლეგიტიმურობას არ ცნობს და ქვეყანას 5 მილიარდი აშშ დოლარის სესხის მიცემაზე უარი უთხრა.

უკანასკნელ წლებში ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი უფრო და უფრო მწვავე ხდება. ინფლაციამ 800,000%-ს გასულ წელს მიაღზია. ქვეყანა 4.8 მილიონმა ადამიანმა დატოვა. სიტუაციას ართულებს ნავთობზე ფასების დაცემა და კორონავირუსის პანდემიაც. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში დაფიქსირდა ახალი ვირუსით ინფიცირების 143 შემთხვევა. გარდაიცვალა 3 ადამიანი.

პომპეოს თქმით აშშ-ის გეგმა მოიცავს ვენესუელისათვის დაწესებული სანქციების ეტაპობრივად მოხსნას, მათ შორის ნავთობსექტორზეც.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-მა რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილ ნავთობკომპანია როსნეფტს ნიკოლას მადუროს რეჟიმთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა. ამის შემდეგ როსნეფტმა ვენესუელაში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვენესუელის ნავთობისა და გაზის მომპოვებელ სახელმწიფო კომპანია PDVSA-ს სანქციები დაუწესა, მის მთავარ პარტნიორად რუსული როსნეფტი იქცა. მადუროს რეჟიმი ნავთობის გაყიდვისაგან მიღებულ მოგებას ძალაუფლების შენარჩუნებისა და სამხედრო ძალების გაძლიერებისათვის იყენებდა.

მოსალოდნელი არ არის, რომ მადურო ამ გეგმას დათანხმდება. 30 მარტს მან სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ ყველა შეთქმული საკადრის სასჯელს მიიღებს.

26 მარტს აშშ-მა მადუროსა და ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებს ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტზე ბრალი წაუყენა. გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა, გამოაცხადა. ამასთან, აშშ-მა ჯილდოდ დააწესა $15 000 000 ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რაც მათ მადუროს დაპატიმრებაში დაეხმარებათ.

კომენტარები