შსს: ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 60 ფაქტი გამოვავლინეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინდა.

სამართალდამცველებმა საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს მასშტაბით, 17 მოქალაქე დააჯარიმეს.

შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე [სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა] და 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] მუხლებით 5 პირი დააკავა.

გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო 23 მოქალაქე დაჯარიმდა.

1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

ბოლო 24 საათში, თვითიზოლაციის წესის დარღვევის 4 ახალი ფაქტი აღირიცხა.

სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით", - წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები