ახალი კორონავირუსი საქართველოში

მთავრობის გადაწყვეტილებით, საკვების გარდა, ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა შეწყდა

0 კომენტარი

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების შესახებ მთავრობის დადგენილებით, საქართველოში, საკვების გარდა, ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა შეწყდა. ინფორმაცია ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შესაბამისად, 31 მარტიდან, საკვების მიწოდების გარდა, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა აკრძალულია. ახალი წესების თანახმად მუშაობა უკვე შეწყვიტეს ტექნიკის მაღაზიათა მსხვილმა ქსელებმა. კომპანიებმა შესაბამისი განცხადებები ფეისბუკ გვერდზე განათავსეს. 

 

 

 

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში მომუშავე ბიზნესის ისედაც რთულ მდგომარეობას. ონლაინ-რეჟიმში მუშაობით კომპანიების ნაწილი ცდილობდა, შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილები და აენაზღაურებინა ფინანსური ზარალის მცირე ნაწილი მაინც, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო მიადგა.

მსხვილი ოპერატორების გარდა, მუშაობის შეჩერება მოუწია მცირე და საშუალო ბიზნესსაც, რომელთათვისაც ონლაინ რეჟიმში მუშაობა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

"ონლაინ ვაჭრობა ერთადერთი საშუალებაა, რითიც ძირითადად საბაზისო ხარჯების დაფარვაა შესაძლებელი. ონლაინ ვაჭრობის აკრძალვა მცირე ბიზნესს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რისკების წინაშე დააყენებს და პრაქტიკულად კრიზისის დაძლევის საშუალებას აღარ მისცემს", — ამბობს ავეჯის მაღაზია "ველვეტის" მფლობელი ზაზა აბაშიძე.

რატომ?

გაურკვეველია, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი და რა ფაქტორებიდან გამომდინარე უნდა შეწყვიტონ ვაჭრობა ტექნიკისა და თუ ტანსაცმლის მაღაზიებმა, მაშინ, როდესაც საკვების მიწოდების სერვისი ონლაინ რეჟიმში შეუფერხებლად მუშაობს. 

კითხვაზე პასუხის მისაღებად ტაბულა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო. 

პრესსამსახურში ვერ გვიკონკრეტებენ, თუ რა არსებითი სხვაობაა საკვების მიტანასა და სხვა პროდუქციით ონლაინ ვაჭრობას შორის და ამბობენ, რომ დამატებით განმარტებას საკითხთან დაკავშირებით არ უნდა ველოდოთ. 

რას ეხება ან არ ეხება შეზღუდვა?

აღსანიშნავია, რომ ახალი წესები არ შეხებია საფოსტო გზავნილებს. საკვების გარდა, საქართველოში ონლაინ რეჟიმში ვერც ერთ სხვა პროდუქციას ვერ შეიძენთ, თუმცა ნებისმიერი პროდუქციის გამოწერა საერთაშორისო გზავნილების მეშვეობით კვლავაც შეიძლება - Amazon-ის, Ebay-ს და სხვა პლატფორმებიდან. საფოსტო მომსახურების ოპერატორები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

გაურკვეველი მიზეზებით დაწესებული აკრძალვის გარდა, როგორც ჩანს, პრობლემებია აღსრულების კუთხითაც და გამონაკლისის სახით ონლაინ რეჟიმში მუშაობას რამდენიმე კომპანია კვლავ აგრძელებს.

ტაბულა დაუკავშირდა ტექნიკის მაღაზიის ერთერთ ქსელს, სადაც გვითხრეს, რომ მათი ყველა მაღაზია დაკეტილია, თუმცა მუშაობა ონლაინ რეჟიმში მაინც გრძელდება. ჩვენ ასევე დავუკავშირდით ტანსაცმლის მაღაზიათა ერთერთ ქსელს, ამ შემთხვევაშიც იდენტური პასუხი მივიღეთ - მუშაობა ონლაინ რეჟიმში შეუფერხებლად გრძელდება.

 

------------

ახალი სიის მიხედვით, ობიექტების ჩამონათვალი, რომელთაც მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ, ასე გამოიყურება:

საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

  • სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
  • წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
  • კომერციული ბანკების საქმიანობისა;
  • იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
  • საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
  • ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
  • საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
  • მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;
  • საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
  • კერძო დაცვითი საქმიანობისა;
  • საადვოკატო საქმიანობისა;
  • ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;
  • პრესის ჯიხურებისა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები