კორონავირუსი

გუტერეში: გაეროს შექმნის შემდეგ, Covid-19 ყველაზე დიდი გამოცდაა

Reuters

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ნიუ-იორკში საუბრისას განაცხადა, რომ გაეროს შექმნის შემდეგ, ახალი კორონავირუსი ყველაზე დიდი გამოცდაა.

მისი თქმით, ამას, შესაძლოა, მოჰყვეს რეცესია, "რომლის მსგავსი, ახლო წარსულში, შესაძლოა, არ ყოფილა".

გაეროს გენერალურმა მდივანმა ვირუსის პოტენციურ სოციოეკონომიკურ გავლენაზე საუბრისას თქვა, რომ ახალი კორონავირუსის დაავადება თავს ესხმის საზოგადოებებს, იწირავს ადამიანებს და მათ საარსებო წყაროებს. გაეროს შეფასებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში სავარაუდოდ 25 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგება.

ვირუსის გავრცელებისა და პანდემიის დასასრულებლად მან ქვეყნებს მოუწოდა, ჯანდაცვის მიმართულებით გადადგან დაუყოვნებლივი, კოორდინირებული საპასუხო ნაბიჯები.

გუტეტერეშმა განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდა, დაეხმარონ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დაავადება "ხანძარივით" გავრცელდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF) 2020 წელს გლობალური მშპ-ს შემცირებას პროგნოზირებენ, რის საფუძველზეც მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შევა. ფონდის პრეზიდენტის, კრისტალინა გეორგიევას თქმით, ეკონომიკური რეცესია მინუმუმ იმავე მასშტაბის იქნება, რაც 2008 წელს და შესაძლოა კიდევ უფრო მძიმეც.

1-ლი აპრილის მონაცემებით, მსოფლიში კორონავირუსი 876 345 ადამიანს დაუდასტურდა. 43 520 გარდაიცვალა, 184 960 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები