კორონავირუსი

მრევლი ტაძრის ეზოში დადგება, საკათედროებში შეზღუდულად დაიშვება, ზიარების წესი უცვლელია

0 კომენტარი
პატრიარქი ილია მეორე

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი მრევლს მიმართავს და ამბობს, რომ წირვა-ლოცვები გაგრძელდება. მასში არაფერია ნათქვამი ზიარების წესზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მრევლს კვლავ ერთი კოვზით აზიარებენ.

"მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები. ამიტომ, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება ყველასთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს" - ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში. პატრიარქი მრევლს რჩევებს აძლევს და "ვიდრე განსაცდელი გაივლის", შემდეგი მითითებების შესრულებას სთხოვს:

  • ადამიანთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი მანძილი.
  • ლიტურგიის შესრულებისას, ეკლესიაში დარჩნენ მხოლოდ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები. ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში - შეზღუდული რაოდენობით მრევლიც.
  • რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში.
  • მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია, ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე.
  • სასულიერო პირებს და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები
  • მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის, ან უძლურების გამო რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. 31 მარტიდან აიკრძალა სამ კაცზე მეტის შეკრება გარდა მაღაზიებსა და აფთიაქებში, სადაც მოქალაქეებმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. გაჩერდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ბანკები, ფოსტები. მთავრობის დადგენილებით, საკვების გარდა, ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა შეწყდა. 21:00-დან 06:00-მდე დაწესდა კომენდატის საათი. 

პრემიერმინისტრმა 30 მარტს განაცხადა, რომ "როცა საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", მთავრობა საპატრიარქოსთან კომპრომისს იპოვნის. 31 მარტს პრემიერი გიორგი გახარია პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა, სადაც "ახალ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრეს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები