საგანგებო მდგომარეობა

GDI: ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა კრიტიკული აზრის წინააღმდეგ არ უნდა გამოიყენოს

პირველი არხი

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრიტიკული აზრის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენოს.

ორგანიზაცია ქუთაისში გოგი წულაიას მიერ გამართულ აქციას და პოლიციელების მიერ მის დაკავებას ეხმაურება და აცხდებს რომ მისი გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს მიუღებლად მიიჩნევს.

GDI აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო მდგომარეობის ფარგლების დარღვევით მოქმედებდნენ.

"დაკავებამდე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გოგი წულაიას საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. გავრცელებულ ვიდეო მასალაში ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი გოგი წულაიას ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის გამო საგანგებო მდგომარეობის წესებისადმი დაუმორჩილებლობაზე მიუთითებს.

შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლების სპეციალური ფორმა, საქართველოს კონსტიტუციის ცალკე მუხლით არის დაცული. პროტესტი, თუ ის გამოხატულია ინდივიდუალურად, ერთი ადამიანის მიერ და არ უკავშირდება ადამიანთა შეკრებას, დაცულია არა შეკრების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობით შეიზღუდა მხოლოდ შეკრების თავისუფლება და ის აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ შეხებია. შესაბამისად, პოლიციელთა მითითება, თითქოს გოგი წულაიას არ ჰქონდა საჯარო სივრცეში ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის უფლება, რადგან შეკრების თავისუფლება შეზღუდულია საგანგებო მდგომარეობით, არის უკანონო და შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან საფრთხეს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მოეკიდოს საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვასა და მის აღსრულებას, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს ადამიანის უფლებების დარღვევის მომეტებული რისკი",- აცხადებს GDI.

კომენტარები