კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ის ავიამზიდი, რომელზეც 100 მეზღვაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, კარანტინში გუამში შევიდა

USS Theodore Roosevelt
Getty Images

აშშ-ის ავიამზიდი USS Theodore Roosevelt-ი, რომელზეც 100 ადამიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, კარანტინში გუამში შევიდა.

ხომალდზე ვირუსის დაფიქსირების შემდეგ კაპიტანმა ბრეტ კროზიერმა პენტაგონს მისწერა და სთხოვა გემი პორტში შეეშვათ, რათა ეკიპაჟის კარანტინში გადაყვანა ყოფილიყო შესაძლებელი და მსხვერპლი თავიდან აეცილებინათ.

"ჩვენ ომში არ ვართ. მეზღვაურები არ უნდა იხოცებოდნენ." წერია მის წერილში.

გემზე სულ 6,000 ადამიანი იმყოფებოდა. პორტში შესვლის შემდეგ ეკიპაჟის 1,000 წევრი ხმელეთზე გადავიდა. დარჩენილ მეზღვაურთა ნაწილი ხმელეთზე სამედიცინო შემოწმებისათვის გადავა, ნაწილი კი გემის მოსავლელად დარჩება. ეკიპაჟის ყველა წევრს ჩაუტარდება ტესტი COVID-19-ზე. ამ დროისათვის მათ მხოლოდ 800 ტესტი მიიღეს.

გუამის გუბერნატორმა თქვა, რომ მეზღვაურებს, რომლებსაც ვირუსი არ აქვთ სასტუმროებში და სამხედრო ბაზაზე მდებარე კარანტინში მოათავსებენ. ისინი იზოლაციაში 14 დღე იქნებიან და სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

გუამში ახალი კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 3 ადამიანი. აშშ-ში კი დაღუპულთა რიცხვმა 5,000-ს გადააჭარბა. უკანასკნელი მონაცემებით დადასტურებულია დაავადების 215,300 შემთხვევა. ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია ნიუ იორკის და ნიუ ჯერსის შტატებში. სულ ქვეყანაში COVID-19-სგან დაიღუპა 5,110 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 8,878.

კომენტარები