კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში სამედიცინო აღჭურვილობის, ნიღბების და ხელთათმანების ნაკლებობაა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის დამცავი ნიღბების და ხელთათმანების ნაკლებობაა.

"ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ მათ პირდაპირ საავადმყოფოებს ვუგზავნით. ჩვენ არ გვსურს მივიღოთ ისინი მარაგში, რადგან შემდეგ უნდა დავურიგოთ სხვადასხვა შტატებს და საავადმყოფოებს." თქვა ტრამპმა და შტატების გუბერნატორებს მოუწოდა მოლაპარაკებები აწარმოონ მწარმოებლებთან და თავად უზრუნველყონ სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა.

"ჩვენ ვთხოვეთ შტატებს, სადაც სხვა ტიპის აღჭურვილობის მსხვილი მწარმოებლები ჰყავთ, რომ გამოეყენებინათ ეს ადგილობრივი ქარხნები და აღჭურვილობა პირდაპირს საავადმყოფოებისათვის მიეწოდებინათ." თქვა ტრამპმა.

თეთრი სახლის მიხედვით საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის ფედერალურმა სააგენტომ ამ დროისათვის 26 მილიონი ქირურგიული ნიღაბი, 5.2 მილიონი სახის დამცავი ფარი, 22 მილიონი ხელთათმანი, 8,100 სასუნთქი აპარატი და სხვა აღჭურვილობა გადაანაწილა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ამჟამად 10,000 სასუნთქი აპარატი აქვთ. "ისე ჟღერს, თითქოს ბევრია, მაგრამ არ არის." თქვა მან.

ტრამპს ასევე ჰკითხეს რა იყო მისი მოსაზრება იმ ინფორმაციაზე, რომ ჩინეთი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ მონაცემებს აყალბებს, რაზეც მან უპასუხა:

"მათი რიცხვები ზედმეტად ნათელ მხარესაა. რაც შეეხება იმას, მართალია თუ არა ეს რიცხვები, მე ჩინელი ბუღალტერი არ ვარ."

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ვირუსის გადავლის შემდეგ ეკონომიკა სწრაფად დადგება ფეხზე და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილი დახმარების შემდეგი ნაწილი ინფრასტრუქტურასაც მოხმარდება.

31 მარტს გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანა კორონავირუსის პიკს "ძალიან კარგ ფორმაში" შეხვდება და საჭირო რაოდენობის სასუნთქი აპარატები ექნება მომზადებული. მან თქვა, რომ სამედიცინო აპარატების დამზადება სულ მცირე 10 ამერიკულ კომპანიას დაევალა და მათი ნაწილი შესაძლოა ექსპორტზეც გაიტანონ. ამ კომპანიებს შორის არის General Motors-იც.

ამის შემდეგ The Washington Post-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საავადმყოფოებში აღჭურვილობის ნაკლებობას განიცდიან. სხვადასხვა შტატების გუბერნატორები, მათ შორის ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ამბობს, რომ შტატებს შორის აღჭურვილობის შეძენაზე კონკურენციაა და მაღალი ფასების გადახდა უწევთ. მან არსებულის სიტუაცია eBay-ს შეადარა. ქვეყნის მასშტაბით ნიუ იორკში ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. შტატში დაავადება დაუდასტურდა 83,901 ადამიანს, დაიღუპა 2,219. აშშ-ში დაღუპულთა რიცხვმა 5,110-ს მიაღწია. სულ დადასტურებულია COVID-19-ის 215,300 შემთხვევა.

კომენტარები