კორონავირუსი საქართველოში

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

სებ-ის განცხადებით, ერთი კვირის წინ მარეგულირებლის ერთერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც ის და მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი თანამშრომლები თვითზიოლაციაში გადავიდნენ, რის შემდეგაც, მათგან 7 თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა. 

სებ-ის განცხადებით, ამ დროისთვის ინფიცირებული თანამშრომლები სტაციონარში არიან გადაყვანილები და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. 

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაში წერია, პირები, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან, სრულად დისტანცირებულები იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონიათ. 

"მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები,"- წერია განცხადებაში. 

2 აპრილის 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 130 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პარალელურად მოქმედებს ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. 

კომენტარები